"მე თხოვნა მაქვს ყველასთან, რომ მივეჩვიოთ და ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემას“. - ასე აფასებს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, წარმოებაში არ მიეღო ნიკა გვარამიას სარჩელი. ჩხიკვაძემ სამთავრობო TV იმედთან თქვა, რომ ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებები შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს.
"ველოდები თუ არა ვინმესგან ბოდიშის მოხდას? მე ნამდვილად არ მაქვს ასეთი მოლოდინი. რაც შეეხება სასამართლოდან წარდგენილ საჩივრებს, სტრასბურგის სასამართლოს ბოლო წლების გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ საერთო სასამართლოების, ანუ ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებები შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს... მოსამართლეების გადაწყვეტილებები არის კანონიერი და სრულად თავსებადი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებთან.
ჩემთვის ეს ასევე ნიშნავს, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევების გარეშე. სასამართლო მუდმივად არის ბულინგის, "გაშავების“, მოსამართლეების დემონიზაციის თუ რაღაც უსაფუძვლო, კორუფციული ბრალდებების ობიექტი.
არის ბევრი გამოწვევა, რაც საჭიროებს სამართლებრივ გადაჭრას და რაც პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს სამოქალაქო საზოგადოების დაცულობის და სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და სწორად ფუნქციონირების საჯარო ინტერესს და არა კონკრეტული პოლიტიკოსების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რაღაც უაზრო ახირებებს. მე თხოვნა მაქვს ყველასთან, რომ მივეჩვიოთ და ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემას“. – თქვა ლაშა ჩხიკვაძემ.
ნიკა გვარამიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო – ინფორმაცია თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
"ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა. მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ რ2-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა.
არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც" - დაწერა გვარამიამ.
2022 წლის 16 მაისს, წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.
პატიმრობის 402-ე დღეს, 2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა.