ე.წ საბოტაჟის საქმეზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა. მან თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ასევე, გვარამიას პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა - ჩამოართვეს როგორც პასპორტი, ისე პირადობის მოწმობა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დღევანდელი სხდომა დახურა. სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ ტვ პირველთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის სულ მზადაა იმისთვის, რომ დააკავებენ. მან აგრეთვე განაცხადა, რომ მოსამართლის ასე მოქცევა ქართული ოცნების სტანდარტისთვისაც უცნაურია.
"ამათი სტანდარტისთვისაც ასე სასამართლოში მოქცევა მოსამართლის და ასეთი ტიპის ბრალი, როცა არ იცი რაზეა ლაპარაკი, ამათი სტანდარტისთვისაც უცნაურია, მაგრამ ნუ რას ვიზამთ. მთავარია, ჩვენ რას ვიზამთ სინამდვილეში, თორემ ესენი რასაც იზამენ, ქოცები და მათი მოსამართლეები, ხომ გასაგებია ისედაც. ამიტომ ჩვენი მოქმედებაა მთავარი ახლა და უნდა ვიმოქმედოთ. რაც შეეხება, სასამართლო სხდომის დახურვას, ნუ ვნახოთ, შემდეგ სხდომაზე კიდევ დავაყენებთ გახსნის შუამდგომლობას, მინიმუმ მედიისთვის მაინც და უცხოელი დამკვირვებლებისთვის." - თქვა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, რაც ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.





