აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2022

აშშ ანგარიშში პოლიტიკური პატიმრების შესახებ ქვეთავში გვარამიაზეც საუბრობს

მთავარი არხი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ქვეთავებში, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებსა და გამოხატვის თავისუფლება ეხება, საუბარია მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური ტელეარხის დირექტორს, ნიკა გვარამიას სამ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა რუსთავი 2-ისთვის ფინანსური ზარალის მიყენების გამო მიუსაჯეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვარამიას ნასამართლობამ გამოავლინა "მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას".

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გვარამიას საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.

დოკუმენტის ქვეთავში, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით.

ადგილობრივ ორგანიზაციებზე დაყრდნობით სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ “ნიკა გვარამიას პატიმრობა აღიქმება, როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის, რომ შეწყვიტონ მთავრობის საქმიანობის კრიტიკული გაშუქება, შეწყვიტონ სადამკვირვებლო საქმიანობა და თავი შეიკავონ ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების გამჟღავნებისგან”.

კომენტარები