ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს ყოფილი ელჩისგან, კელი დეგნანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - "ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე".
"ამ სპეკულაციებს საბოლოო წერტილი დაუსვა ძალიან მყარად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ვინ ყოფილა მართალი? ისინი - ყველა ერთად, თუ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე? მინიმუმ, ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩემთან.
ქალბატონი კელი დეგნანი ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე. არადიპლომატიური, არამეგობრული და არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ჩემ მიმართ და რაღაც კეთროვანად გამომაცხადეს" - ამბობს ლაშა ჩხიკვაძე სამთავრობო TV იმედთან.
ნიკა გვარამიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო – ინფორმაცია თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
"ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა. მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ რ2-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა.
არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც" - დაწერა გვარამიამ.
2022 წლის 16 მაისს, წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.
პატიმრობის 402-ე დღეს, 2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა.