სასამართლო კლანის სანქცირება

დეგნანი სანქციებზე: რა ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ, შედეგი იგივეა

US Embassy Tbilisi, Georgia / Facebook

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, რა ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ მოსამართლეთა სანქცირებასთან დაკავშირებით, შედეგი იგივეა - ამ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ აშშ-ს საზღვრის გადაკვეთა. 

"რა ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ, შედეგი იგივეა. დასახელებულ პირებსა და მათი ამერიკის მოქალაქეობის არ მქონე ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება შევიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში". - აღნიშნა დეგნანმა ჟურნალისტის კითხვაზე - აშშ-ს გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირება იყო თუ სავიზო შეზღუდვა. 

ელჩის განმარტებით, მოსამართლე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დიდი ნაწილი საჯარო იყო და თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს გამოძიების წარმოებას - "ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება იმავე შედეგამდე მივა". 

"რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, გადაწყვეტილების საფუძველი განსხვავებული, მათ შორის საჯაროდ ხელმისაწვდომი, წყაროებისგან მიღებული ინფორმაციაა. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარი გამოძიების წარმოება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცნობილია, ფართოდ ცნობილია წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება იმავე შედეგამდე მივა". - თქვა ელჩმა. 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, კელი დეგნანი არასწორ ტერმინს იყენებს და ეს არა თუ მოსამართლეების სანქცირება, არამედ სავიზო შეზღუდვაა.

5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქციები დაუწესდათ მათი ოჯახის წევრებსაც. 

როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განმარტა, სანქცირებული პირები ხელს უშლიდნენ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.

კომენტარები