ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ უნგრელი კოლეგის, პეტერ სიიარტოს საქართველოს ნამდვილ მეგობრად მოხსენიებას გამოეხმაურა.
"ღმერთო ჩემო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს ნამდვილი მეგობრის წოდება ყველაფერზე მეტყველებს. მთავრობა, რომელმაც ევროკავშირის წევრად ყოფნის მიუხედავად, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ამოძირკვა. უნგრეთში რუსეთის დე-ფაქტო მარიონეტული რეჟიმია, რომელიც თითქმის არანაირ მხარდაჭერას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ". - წერს კრამონი Twitter-ზე.
მანამდე, ილია დარჩიაშვილმა პეტერ სიიარტოს უმასპინძლა და შეხვედრის ამსახველი კადრი Twitter-ზე ატვირთა, წარწერით:
"ყოველთვის სასიამოვნოა, როცა საქართველოს ნამდვილ მეგობარს მასპინძლობ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო თბილისშია.
საერთო ინტერესების საფუძველზე ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსა და უნგრეთს შორის კავშირების გამყარებას".