რუსული კანონი

მწვანეები: იპოვე გმირი საკუთარ თავში და გამოდი გმირთა მოედანზე, 18:00 საათზე

ტაბულა

მოძრაობა მწვანეები სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ 18:00 საათზე გმირთა მოედანზე გავიდნენ, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტთან 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

ერთობლივი განუწყვეტელი ბრძოლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" თითქოს უკან დაიხია!

რეალურად, ხელისუფლება ცდილობს უდიდესი თვითორგანიზებული მუხტის ჩაქრობას და ჩვენგან ფარულად, სიტუაციის კონტროლის კვლავ თავის თავზე აღებას.

რეალურად, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის "უკან გაწვევის" შესაძლებლობა არ არსებობს. ამისათვის საჭიროა, საპარლამენტო უმრავლესობამ მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭიროს რუსულ კანონს!

გარდა ამისა, მოვითხოვთ უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამებრძოლების სასწრაფოდ გათავისუფლებას.

თანამოაზრეებო:

გთავაზობთ, დღეს შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე, საღამოს 18.00 საათზე და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, თუ ვისია ქვეყანა!

ჩვენი გეგმაა, 18.00 საათზე შევიკრიბოთ ზოოპარკის წინ, სიმბოლურად გადავკეტოთ გმირთა მოედნის მოძრაობის ერთი ნაწილი საიდანაც, 18.30-ზე მარშით დავიძრებით და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფების მიერ პარლამენტთან დაანონსებულ აქციას შევუერთდებით.

ჩვენი ქმედების მიზანია, დავანახოთ ხელისუფლებას, რომ მორიგი ტყუილი მათ არ გაუვათ! თავის დაძვრენის შემთხვევაში, ჩვენ მუდმივ რეჟიმში, სხვადასხვა ლოკაციაზე დავაანონსებთ მშვიდობიან სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, რომლის მიზანი იქნება მოღალატე ხელისუფლებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა.

თანამოქალაქებო!

ვითვალისწინებთ, რომ დღეს, გმირთა მოედნის ერთი ნაწილის დროებითი, სიმბოლური გადაკეტვით, დისკომფორტი შეგექმნებათ. გთხოვთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან თუ მანქანებიდან თქვენი სიგნალებით მხარდაჭერა გამოუცხადოთ მიმდინარე ბრძოლას. გვჯერა, რომ მცირე დისკომფორტი დღეს, თავიდან აგვარიდებს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას ხვალ.

არა რუსულ კანონს! დიდება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩვენმა გმირმა წინაპრებმა მრავლად იბრძოლეს! 

იპოვე გმირი საკუთარ თავში და გამოდი გმირთა მოედანზე, 18:00 საათზე!- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

დღეს, 9 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონს გაიწვევენ

"ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს "რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

კომენტარები