რუსული კანონი

საგამოძიებო: სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე 22 შეტყობინება მივიღეთ

კადრი ვიდეოდან/ტელეკომპანია პირველი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7 და 8 მარტს გამართული აქციების დროს პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეტყობინება მიიღეს 22 ფაქტზე, ასევე, სამსახური სწავლობს მედიით გავრცელებულ ვიდეოებს, რომლებშიც ძალის გადამეტება ჩანს. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან  და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შემოვიდა. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სამსახური შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს. 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს".  

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

დღეს, 9 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონს გაიწვევენ.  

კომენტარები