კულტურის სამინისტრო

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა სააპელაციოშიც მოუგო

სოციალური სამართლიანობის ცენტრის [SJC] ინფორმაციით, ერვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა დინარა ვაჩნაძემ კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

2022 წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ვაჩნაძის სარჩელი და უკანონოდ ცნო მუზეუმის ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ. SJC-ის ინფორმაციით, მოპასუხე სადავოდ ხდიდა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მუზეუმის არგუმენტაცია და სრულად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მუზეუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა.

"აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, მოპასუხე მხარეს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ისე გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტრო მიზეზად "რეორგანიზაციას" ასახელებს. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა საკითხზე კულტურის სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო. 

17 იანვარს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, თეონა ჯაყელმა თანამდებობა დატოვა. განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზი მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე მისი და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განსხვავებული ხედვებია.  

კომენტარები