ეროვნული მუზეუმი

"ხედვები არ ემთხვევა, ვტოვებ თანამდებობას" – ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე

ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, თეონა ჯაყელმა თანამდებობა დატოვა. როგორც მის განცხადებაში ვკითხულობთ, გადაწყვეტილების მიზეზი მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე მისი და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განსხვავებული ხედვებია.  

თეონა ჯაყელი თანამდებობაზე თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაინიშნა. 

"პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

მოცემულ პოზიციაზე მუშაობის ურთულესი თვეების მანძილზე ჩემი კურატორობით მიმდინარეობდა მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროფესიონალების გუნდთან ერთად დაიდო საინტერესო შედეგები. 

მოცემულ ეტაპზე კულტურის მინისტრის ხედვა მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე არ ემთხვევა ჩემს პროფესიულ ხედვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ვტოვებ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი განცხადება გათავისუფლების თაობაზე. პატივისცემით, გენერალური დირექტორის მოადგილე". - ვკითხულობთ ჯაყელის განცხადებაში.  

თავდაპირველად, თეონა ჯაყელის განცხადება ფორმულამ და რადიო თავისუფლებამ გაავრცელეს. 

განახლება - მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჯაყელმა საკუთარ Facebook-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თანამდებობა პროფესიული შეხედულებების გამო დატოვა, საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას კი არ აპირებს.

"საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია დავტოვე ჩემი პროფესიული შეხედულებების გათვალისწინებით. არ ვაპირებ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, მითუმეტეს დაუშვებლად მიმაჩნია შიდა დოკუმენტაციის საჯარო სივრცეში გამოტანა და არასწორი ინტერპრეტაციები!

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, პროფესიონალთა გუნდს და ახალ მენეჯმენტს მუზეუმის განვითარების საქმეში". - დაწერა მან. 

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტრო მიზეზად "რეორგანიზაციას" ასახელებს. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა საკითხზე კულტურის სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო

კომენტარები