Wizz Air

მოვუწოდებთ მგზავრებს, დროულად ან ადრე მივიდნენ აეროპორტში – ქარქაშაძე დაგვიანებულებზე

ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე მგზავრებს მოუწოდებს, "დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდენ აეროპორტში რეგისტრაციაზე". მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში ბერლინის რეისზე დაგვიანებულ მგზავრებს ბილეთებს თანხის დამატების შემთხვევაში გადაუცვლიან.

"ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და მიმდინარეობდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. ამის შემდეგ დაიწყო ყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავების პროცესი.

იქიდან გამომდინარე, რომ იყო რისკი, ფრენა ბერლინის მიმართულებით საერთოდ გაუქმებულიყო, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგვიანებული მგზავრები მოეხსნა რეისიდან. ჩვენ ჩავერთვეთ პირველივე წუთებიდან პროცესში და ჩვენს პარტნიორ Wizzair-თან ერთად ვაწარმოეთ მოლაპარაკება და მივაღწიეთ იმას, რომ ვიზეარი დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია დაახლოებით 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე, 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი" - განაცხადა ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მტკიცებით, ეს იყო სტანდარტული ე.წ NO SHOW და ამ დროს, ავიაკომპანიები არ ცვლიან ბილეთებს.

"თუმცა, გამონაკლისის წესით, იმიტომ, რომ აქ იყო უამინდობა და ეს არ იყო არც აეროპორტის, არც მგზავრის და არც სხვა რომელიმე ხელოვნურად გამოწვეული მიზეზის გამო მომხდარი ინციდენტი, მოხდა ბილეთების გადაცვლა...

იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან" - თქვა ქარქაშაძემ.

17 თებერვალს Wizz Air-ის რეისი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. ორი ავტობუსი, რომლებსაც მგზავრები ქუთაისის მიმართულებით გადაჰყავდა, გზაზე შექმნილი პრობლემების გამო დანიშნულების ადგილას დაგვიანებით ჩავიდა, რის შედეგადაც მგზავრებმა რეგისტრაცია ვეღარ მოასწრეს. 

კომპანია OMNIBUS EXPRESS-ის ცნობით, უამინდობის გამო, ავტობუსი 23:15-ის ნაცვლად, 22:00-ზე გავიდა, თუმცა, გზაზე შექმნილმა შეფერხებამ ტრანსპორტის დაგვიანება გამოიწვია.

"არ ჰქონდა მნიშვნელობა, მგზავრებს თუ კიდევ უფრო ადრე გავიყვანდით, აბსოლუტურად არანაირი სხვაობა არ იქნებოდა... ზესტაფონის მონაკვეთზე ჩაიხერგა გზა და მანქანები შეასკდნენ ერთმანეთს. პარალიზებული და გაუწმენდავი იყო გზა და ამას პლუს, მარილი არ ეყარა… მიუხედავად იმისა, რომ მარილი არ ეყარა, ტრანსპორტი მოძრაობდა. აქ იყო გზის ჩახერგვის პრობლემა. ტრანსპორტს მოუწია ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოძრაობა და 05:38-ზე მივიდა აეროპორტში. რეგისტრაცია დასრულდა ზუსტად 8 წუთით ადრე". - უთხრა OMNIBUS EXPRESS-ის წარმომადგენელმა ტაბულას და წუხილი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის მეტეოროლოგიურ ვითარებაში Wizz Air-მა და ქუთაისის აეროპორტმა მგზავრების მდგომარეობა არ გაითვალისწინეს.

მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი დანიშნულზე 1 საათის დაგვიანებით გაფრინდა და აფრენამდე 2 საათით ადრე მგზავრები ადგილზე იმყოფებოდნენ. 

კომენტარები