დღეიდან, 3 ივნისიდან ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. რეისები ქუთაისიდან კვირაში 2-ჯერ, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა 130 მგზავრით ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით საინაუგურაციო ფრენას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი სალვატორე გაბრიელე იმპერიალე დაესწრნენ.
"დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს ვთავაზობთ. ლიონი, არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით უკავშირდება. ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის ოლიმპიკში მოთამაშე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე.
იმედი გვაქვს, რომ ლიონის მიმართულება ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების განვითარებას საქართველოში. ველოდებით, რომ მივიღებთ და მოვემსახურებით უფრო მეტ ტურისტს საფრანგეთიდან და მეტი კმაყოფილი მგზავრი გაემგზავრება საქართველოდან საფრანგეთში". - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.





