Wizz Air

უამინდობის გამო, ავტობუსი ქუთაისში გვიან ჩავიდა, ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

Wizz Air

ქუთაისის აეროპორტში ადასტურებენ, რომ უამინდობიდან გამომდინარე, მგზავრების დაგვიანების გამო, Wizz Air-ის რეისი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. ორი ავტობუსი, რომლებსაც მგზავრები ქუთაისის მიმართულებით გადაჰყავდა, გზაზე შექმნილი პრობლემების გამო დანიშნულების ადგილას დაგვიანებით ჩავიდა, რის შედეგადაც მგზავრებმა რეგისტრაცია ვეღარ მოასწრეს. 

ტაბულა კომპანია OMNIBUS EXPRESS-ს დაუკავშირდა, რომლის ცნობითაც, უამინდობის გამო, ავტობუსის გასვლის დრო 23:15-დან 22:00-ზე გადმოიწია, თუმცა ამის მიუხედავად, გზაზე დიდთოვლობის შექმნილმა შეფერხებამ ტრანსპორტის დაგვიანება გამოიწვია.

"არ ჰქონდა მნიშვნელობა, მგზავრებს თუ კიდევ უფრო ადრე გავიყვანდით, აბსოლუტურად არანაირი სხვაობა არ იქნებოდა". - ამბობს კომპანია OMNIBUS EXPRESS-ის წარმომადგენელი, რომლის თქმითაც, შეფერხებას ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ჰქონდა ადგილი და მანამდე ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდა.

"ზესტაფონის მონაკვეთზე ჩაიხერგა გზა და მანქანები შეასკდნენ ერთმანეთს. იმდენად პარალიზებული და გაუწმენდავი იყო გზა და ამას პლუს, მარილი არ ეყარა… მიუხედავად იმისა, რომ მარილი არ ეყარა, ტრანსპორტი მოძრაობდა. აქ იყო გზის ჩახერგვის პრობლემა. ტრანსპორტს მოუწია ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოძრაობა და 05:38-ზე მივიდა აეროპორტში. რეგისტრაცია დასრულდა ზუსტად 8 წუთით ადრე". - უთხრა OMNIBUS EXPRESS-ის წარმომადგენელმა ტაბულას.

OMNIBUS EXPRESS-ის წარმომადგენელმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ტიპის მეტეოროლოგიურ ვითარებაში Wizz Air-მა და ქუთაისის აეროპორტმა მგზავრების მდგომარეობა არ გაითვალისწინეს. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი დანიშნულზე 1 საათის დაგვიანებით გაფრინდა და აფრენამდე 2 საათით ადრე მგზავრები ადგილზე იმყოფებოდნენ. 

კომენტარები