საგარეჯო

ზურაბიშვილი საგარეჯოზე: იმედი მქონდა, რომ საქართველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს საგარეჯოში მოკლულების ოჯახებს. ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ამგვარი მოვლენები გავრცელებულია, იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში მსგავსი რამ არ მოხდებოდა.

"ეს არის აბსურდული მოვლენა, რომელიც არის ამავე დროს ტრაგედია ამდენი ადამიანის და ვიცით, რომ ამ ტიპის ტრაგედიები დღეს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. მე იმედი მქონდა, რომ საქართველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ამისი მოწმეც გავხდით. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და პირველ რიგში იმ პოლიციელის ოჯახს, რომელმაც გამოიჩინა მამაცობა, რათა ადამიანი გადაერჩინა და ეს ნამდვილად არის იმედისმომცემი". – თქვა ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

20 იანვარს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანმა, რომელიც საგარეჯოში სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაიჭრა 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.  

კომენტარები