საგარეჯო

საგარეჯოში მეზობლებზე თავდამსხმელი აგვისტოს ომის ვეტერანია – ვეტერანთა სამსახურის უფროსი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსმა, გია ედილაშვილმა პალიტრა ნიუსის ეთერში აღნიშნა, რომ  ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც საგარეჯოში მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ვეტერანთა აღრიცხვის ერთიან ბაზაში, როგორც ვეტერანი ირიცხებოდა და აგვისტოს ომის მონაწილე იყო. 

"ნოდარ ათუაშვილი იყო ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ის 2006 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად მას გავლილი ჰქონდა 4 კონტრაქტი, იყო 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილე, ირიცხებოდა პირველ ქვეით ბრიგადაში და ასევე, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში". - ამბობს გია ედიაშვილი. 

20 იანვარს გამთენიისას თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაჭრილია 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.  

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2006-2021 წლებში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ნამყოფია ავღანეთის მისიაშიც. გომელაურის თქმით, მაშინ, როდესაც ყოფილმა სამხედრომ სროლა დაიწყო, სახლში იყო მისი შვილიც, რომელიც მოგვიანებით გამოიქცა. 

კომენტარები