საგარეჯო

"მიცვალებულებს ვინც გაეკარა, ყველას ესროლა, არაფერს ითხოვდა" – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში სპეცოპერაცია დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაჭრილია 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.  

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია

საგარეჯოში სროლაზე ინფორმაცია კლინიკის ექიმის, ლეილა ოთიაშვილის Facebook-პოსტით გავრცელდა. პოსტი, დაახლოებით, 01:30 წუთზეა დაწერილი. როგორც ოთიაშვილი წერდა, ამ დროისთვის უკვე იყვნენ დაღუპულები და დაჭრილები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება 03:20 წუთზე გაავრცელა - უწყებამ დაადასტურა რამდენიმე ადამიანის დაჭრა და დაღუპვა - მათ შორის, შსს-ს თანამშრომლის. ადგილზე ჩავიდა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც. უწყებამ მეორე განცხადება მოკლულების, დაშავებულებისა და თავდამსხმელის თვითმკვლელობის შესახებ 1 საათში - დაახლოებით, 04:30 წუთზე გამოაქვეყნა. განცხადებას მოჰყვა ვახტანგ გომელაურის კომენტარი, რომელმაც მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2006-2021 წლებში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ნამყოფია ავღანეთის მისიაშიც. გომელაურის თქმით, მაშინ, როდესაც ყოფილმა სამხედრომ სროლა დაიწყო, სახლში იყო მისი შვილიც, რომელიც მოგვიანებით გამოიქცა. 

მინისტრის თქმით, თავდამსხმელს სპეცრაზმმა დანებებისკენ მოუწოდა, თუმცა მან სროლა განაგრძო. მისივე ინფორმაციით, როდესაც პოლიციელებმა კარი შეაღეს, გასროლის ხმა გაიგონეს და საწოლზე დაინახეს კაცის ცხედარი, რომელსაც გვერდით იარაღი ედო და ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.  

რას ამბობენ თვითმხილველები

როგორც მოგვიანებით ადგილობრივების მონაყოლით გახდა ცნობილი, საგარეჯოში სროლა, დაახლოებით, 00:10-00:15 წუთზე დაიწყო. მე-3 სართულის წინა და უკანა აივნებიდან თავდამხმელი 10-20 წუთის ინტერვალით ისროდა. თვითმხილველების თქმით, კაცი ესროდა მათაც, ვინც დაჭრილების დასახმარებლად მიდიოდა.  

"სროლა რომ დაიწყო, 1-ის 10, 15 წუთი არც იქნებოდა. მაღლიდან ვუყურებდი, ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი. 4 დავინახე ადგილზე გარდაცვლილი.

მე-3 სართულიდან ისროდა. [ისროდა] წინა აივნიდან, მერე გადიოდა და უკანა მხრიდან ისროდა. მისი საკუთარი სახლია, ლამის მჭიდს ცლიდა და 10-20 წუთის ინტერვალით კიდევ აგრძელებდა სროლას. ნახევარი საათი კი არა, [სროლა] ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა, თითქმის ერთი საათი. ვერ გეტყვით, [პოლიცია რამდენ ხანში მოვიდა] მე სანამ ამ ამბავს ვუყურებდი, უკვე შემორტყმული ჰქონდათ ალყა. სახლშივე იყო, ბოლოს წინა მხრიდან 7 გასროლა იყო, სათითაო გასროლა ზედიზედ და შემდეგ ჩაწყნარდა, დაიწყო კიდევ სპეცრაზმმა მუშაობა". - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.  

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელს მეზობლებთან კონტაქტი არ ჰქონდა, უმისამართოდ ისროდა და "100 კაცი რომ მისულიყო, ასივეს ესროდა". 

"არაფერი მიზეზი არ იყო, ვინც მივიდოდა, 100 კაცი რომ მისულიყო, 100-ვეს დახოცავდა. საერთოდ არავისთან არც შედიოდა და არც გადიოდა. ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ცხალკე ცხოვრობენ. მარცო ცხოვრობს. უმისამართოდ ისროდა". - ამბობს ის ფორმულასთან ინტერვიუში.   

ერთ-ერთი თვითმხილველი მთავართან ინტერვიუში ყვება, რომ თავდამსხმელი არაფერს ითხოვდა. მისივე თმით, თავიდან კაცმა მათ ესროლა ბოთლი, რომელიც აფეთქდა. 

"გადმოყო და პირდაპირ დაგვიშვა. მერე უკან გადავიდა და უკანა მხრიდან ისროდა. იოლის მაღაზიაში დაიწყო სროლა და მგონი 2 გოგოს მოარტყა. იქ მოკლა პოლიციელი, რამდენადაც ვიცი. ჩვენგან 4 მოკლა, ჩვენ უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც იყო რაღაც ნივთიერება და ის ნივთიერება აფეთქდა. მაგაზე მივხვდით, რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით. ვინც შევასწარით, შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა". - ამბობს ის.  

დაღუპულები და დაშავებულები  

სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაღუპულებიდან 4 ადგილობრივია, ერთი კი ადგილობრივის მამიდაშვილი. მოკლულებს შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელიც, რომელიც კლინიკაში გადაყვანისას დაიღუპა. 

რაც შეეხება დაჭრილებს, ისინი თავდაპირველად საგარეჯოს კლინიკაში შეიყვანეს - 5 დაჭრილიდან 1-ის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებდნენ. ის მუცლის არეშია დაჭრილი. ერთი ადამიანი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. 

"5 პირიდან შედარებით მძიმეა 1-ის მდგომარეობა, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 3 პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ყველა მათგანი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო 1 კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისში, თვალის ზედაპირული ტრავმის გამო". - თქვა ჯეოჰოსპიტალსის დირექტორმა. 

კომენტარები