საგარეჯო

ექიმი: საგარეჯოში დაჭრილი ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

საგარეჯოში კლინიკა ჯეო ჰოსპიტალსის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის თქმით, სროლის შედეგად დაჭრილი ადამიანებიდან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი პაციენტი კი კრიტიკულად მძიმეა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. ჯეო ჰოსპიტალსში გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია ოთხ დაჭრილს ჩაუტარდა.

“სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმე რჩება, რომელიც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. მას დაზიანებები და ცეცხლსასროლი ჭრილობები მუცლის ღრუსა და ქვედა კიდურის მიდამოში აქვს. მას შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდა  [...] დანარჩენ 3 ადამიანს კი ცეცხლსასროლი, ნაკვეთი ჭრილობები ქვედა კიდურის მიდამოში აქვს. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კონტაქტურები, ადეკვატურები არიან და გამოძიებას ჩვენებაც მისცეს". - თქვა ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც საგარეჯოში სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაჭრილია 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით გრძელდება" - აცხადებს შსს.

კომენტარები