EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

Bloomberg: EU რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც სავაჭრო შეზღუდვებსაც მოიცავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-12 პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა, შესაძლოა, 5 მილიარდი ევროს ოდენობის ვაჭრობაზე შეზღუდვები შემოიღოს. 

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციები, შესაძლოა, მოიცავდეს სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებადი აპარატების, ქიმიკატებისა, ტექნოლოგიების მიწოდებისა და პროგრამული უზრუნველყოფისთვის საჭირო ლიცენზიების მიღებაზე შეზღუდვებს.

გარდა ამისა, Bloomberg-ის ცნობით, ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, 100-ზე მეტ ფიზიკურსა და 40 იურიდიულ პირს შეეხება. ამავე ინფორმაციით, ასევე განიხილება ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ სენსიტიურ სექტორებში რუსების დასაქმების აკრძალვა. აქამდე, Bloomberg-ი წერდა, რომ ამ საკითხზე ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციები უკვე დაიწყო.

რამდენიმე დღით ადრე, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინა დღეს, ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა DW-ს უთხრა, რომ სანქციების ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს რუსულ ალუმინზე სანქციებსაც.

სანქციების პაკეტით გათვალისწინებული სავარაუდო შეზღუდვები, შესაძლოა, შეიცვალოს მანამ, სანამ ის წევრ ქვეყნებს ოფიციალურად წარედგინება. სანქციების დამტკიცებას ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობა სჭირდება. 

კომენტარები