EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

FT: EU გეგმავს, სანქციები დაუწესოს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს ომში ეხმარებიან

REUTERS

ევროკავშირი გეგმავს, სანქციები დაუწესოს იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს

მედიის განმარტებით, ეს იქნება ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა, რომელმაც, შესაძლოა, პეკინთან დაძაბულობა გაზარდოს. 

Fianancial Times-ი წერს, რომ სანქციები დაუწესდება შვიდ ჩინელ ბიზნესმენს. მედიის ცნობით, მათ ბრალი ედებათ აღჭურვილობის გაყიდვაში, რომელსაც შესაძლოა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებაში იყენებდეს.

მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს რამდენიმე ჩინური კომპანიაზე სანქციები უკვე დაწესებული აქვს. ამ კომპანიებს შორისაა 3HC Semiconductors და King-Pai Technology.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, ევროკავშირი განიხილავს სანქციების ახალ მექანიზმს, რომელიც შეზღუდვების დაწესებას მესამე ქვეყნების წინააღმდეგ გულისხმობს. მესამე ქვეყნები არიან ის სუბიექტები, რომლებიც რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვების თავის არიდებაში ეხმარებიან. 

სანქციების აღსრულების ძალაში შესვლას 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი რამდენიმე ირანულ კომპანიაზე, რომლებიც რუსეთისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში მონაწილეობენ, სანქციების დაწესების ინიციატივითაც გამოდის.

კომენტარები