EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

BLOOMBERG: ევროკავშირი მესამე ქვეყნებში ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავს

REUTERS

Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი მესამე ქვეყნებში ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავს, რათა რუსეთმა ამ ქვეყნების სანქციების თავის ასარიდებლად გამოყენება ვეღარ შეძლოს. 

ევროკავშირის მე-11 სანქციების პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება უკვე ამოქმედებულ ზომებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე, ასევე შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით ბლოკის შესაძლებლობების გაფართოებაზე.

სააგენტო წერს, რომ რუსეთში ისეთი საქონლის იმპორტი, როგორიცაა ნახევარგამტარები, ინტეგრირებული სქემები და სხვა ტექნოლოგიები, ისეთი ქვეყნებიდანაა გაზრდილი, როგორებიცაა ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და სხვა.

Bloomberg-ი წერს, რომ აღნიშნული პაკეტი მესამე ქვეყნების იმ კომპანიებზე სანქციების დაწესებას გააადვილებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ დადგენილ შეზღუდვებს გვერდს უვლიან. 

როგორც სააგენტო წერს, მოსალოდნელია, რომ პაკეტის სანქციების სიას კიდევ ათობით ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატოს. თუმცა, ამავე ინფორმაციით, წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის არარსებობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანქციები რუსეთის სახელმწიფო ატომურ კომპანიას, Rosatom-ს დაუწესონ.

კომენტარები