კინო

2022 წელს გამოსული 10 საუკეთესო ფილმი

Tabula

წარმოგიდგენთ 2022 წლის 10 საუკეთესო ფილმს.

10. Turning Red

კინოსტუდია Pixar-ის ახალი პროექტი. 13 წლის მეილინ ლი წარმოშობით ჩინელი კანადელი თინეიჯერია, ნებისმიერი ძლიერი ემოციის განცდის შემდეგ ის გიგანტურ წითელ პანდად იქცევა. მეილინი აღმოაჩენს, რომ წყევლა მას დედისგან გადმოეცა, დედას კი ბებიისგან. სექსუალური მომწიფების, ზრდასრულ ცხოვრებაში შებიჯებისა და გარდატეხის ასაკის სხვა რთული განსაცდელების შესახებ, ანიმაციის ავტორებმა აღმოსავლური მითოლოგიის დახმარებით ისაუბრეს. 

9. Quiet Girl

დებიუტანტი რეჟისორის, კოლმ ბეირედის დრამის მოქმედება 1980-იანი წლების ირლანდიურ პროვინციაში ვითარდება. მთავარი გმირი საკუთარ თავში ჩაკეტილი 9 წლის კეიტია, რომელიც დისფუნქციურ ოჯახში იზრდება. ჩუმი გოგონა შორეულ ნათესავებთან საზაფხულო არდადეგებზე მიემგზავრება. დროებითი "მშობლები" ბავშვისთვის არაფერს იშურებენ, ზრუნავენ მასზე, ზრდიან, როგორც საკუთარ შვილს. ამავდროულად კეიტისთან ურთიერთობა ერთგვარი თერაპიაა წყვილისთვის, რომელმაც ცხოვრების ხალისი წარსულში გადატანილი მძიმე ტრავმის შედეგად დაკარგა. 

8. Klondike

მარინა ერ გორბაჩმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ ფილმი 24 თებერვლის მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიღო. სურათი ძალიან ზუსტი და მწვავე პასუხია რუსული პროპაგანდისტების მიერ ბოლო დროს გაჟღერებულ კითხვაზე "სად იყავით 8 წელი"? მთავარი გმირები სეპარატისტული რეგიონის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც ოკუპაციის პირობებში გადარჩენას ცდილობენ. რამდენიმე მთავარ გმირს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს კონფლიქტის მიმართ, თუმცა ომს ყველას მიმართ ერთი დამოკიდებულება აქვს, ომისთვის სულერთია შეხედულებები, სქესი, ასაკი, ეროვნება, ის ანადგურებს ყველას და ყველაფერს. გულწრფელი და წინასწარმეტყველური ნამუშევრისთვის გორბაჩი სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის წევრებმა 2022 წლის "სპეცოპერაციამდე" ერთი თვით ადრე დააჯილდოვეს.

7. Decision To Leave

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კორეელი ავტორის, პარკ ჩან ვუკის ახალმა ფილმმა, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მიიღო. ჩან ვუკის ნამუშევარი ერთდროულად ჰიჩკოკისეული ნუარ დეტექტივი და ვნებით აღსავსე საბედისწერო სიყვარულის ისტორიაა. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა ფილმის, როგორც დეტექტიური, ისე სასიყვარულო ხაზი სრულყოფილად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟანრისთვის დამახასიათებელი კლიშეებისა და სტერეოტიპების გარეშე წარმოაჩინა. 

6. ჩემი ოთახი

წინა წლებთან შედარებით 2022 წელს ქართული კინოსთვის გამორჩეულს ვერ ვუწოდებთ, თუმცა სოსო ბლიაძის ჩემი ოთახი ნამდვილად აიმსახურებს ათეულში ყოფნას. ფილმი გადაღებულია ფაქტობრივად ბიუჯეტის გარეშე, მეგობრების ძალისხმევით, პანდემიის დროს. სურათის შემქმნელებმა დაამტკიცეს, რომ ფილმის გადაღებისთვის კარგი სცენარი და მონდომება საკმარისია. ფილმში არაერთი, თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის მწავავე თემა ძალიან ბუნებრივად და ამავდროულად ყოველგვარი ტრაფარეტულობის გარეშეა განხილული. ჩემი ოთახი თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულია, მთავარი როლის შემსრულებლებმა თაკი მუმლაძემ და მარიამ ხუნდაძემ კი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გაიყვეს.

5. Everything Everywhere All at Once

წლის ყველაზე მრავალფეროვანი ფილმი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. Everything Everywhere All at Once-ის ყურება კალეიდოსკოპში გახედვას ჰგავს. უამრავი პერსონაჟი(საშუალოდ თითო მსახიობი სურათში ხუთ ან მეტ როლს ასრულებს) სინათლის სისწრაფით გადაადგილდება დროსა და სივრცეში. სიუჟეტის დეტალების შესახებ საუბარი რთულია, მარტივად რომ ვთქვათ ჩვენს წინაშეა ოჯახური ტრაგიკომედია, რომელიც სრულიად შეშლილ, ენითაღუწერელ მულტისამყაროში მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის საუკეთესო ტრადიციებში ვითარდება. 

4. Aftersun

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შარლოტ უელსს ჟიურის სპეციალური ჯილდო გადაეცა. დებიუტანტმა რეჟისორმა საკმაოდ გადაღეჭილ თემაზე – მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე გადაღებული ფილმით მოიგო ჟიურის გული. გამოუცდელი რეჟისორის მიერ დაშვებულ მცირე შეცდომებს სრულად ფარავს სურათის ემოციური შემადგენელი. ფინალური 5 წუთი კი არამარტო კინოს, ასევე მუსიკის მოყვარულებს კიდევ დიდხანს არ დაავიწყდება. Queen-ისა და David Bowie-ის დუეტი მრავალი ფილმის საუნდტრეკია, კომპოზიცია Under Pressure გარკვეულწილად კლიშეც არის, მაგრამ ახალბედა რეჟისორმა "გაცვეთილ" ჰიტს ახალი ძალა და მნიშვნელობა გენიალურთან მიახლოებული ცეკვის სცენით შესძინა.

3. Tar

ფილმი თანამედროვე მუსიკოსზე პრაქტიკულად მუსიკის გარეშე. ქეით ბლანშეტის მიერ (გენიალურად) ნათამაშები ლიდია ტარი გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც გაცილებით უფრო რეალური და ხელშესახებია, ვიდრე ბოლო წლებში გამოსული ბიოგრაფიული დრამების გმირები. რეჟისორი ტოდ ფილდი ყოველგვარი თავზე მოხვევისა და იაფფასიანი პოპულიზმის გარეშე გვიჩვენებს ხელოვნების სფეროში მოღვაწე გენიოსს, რომელიც ამავდროულად მოძალადე მონსტრია. ფილდმა გვერდი აუარა თანამედროვე კინოში გაბატონებულ კონიუნქტურას და იდეოლოგიურ კომპასზე ერთმანეთის საპირისპირო მხარეს მდგომი მაყურებლისთვის უნივერსალურად საინტერესო და მისაღები ფილმი გადაიღო.

2. The Fablemans

სტივენ სპილბერგმა კარიერაში ყველაზე პირადი, თამამი და განსხვავებული ფილმი გადაიღო. ავტობიოგრაფიული დრამა რეჟისორის ბავშვობასა და ოჯახს აღწერს. რაც მთავარია სპილბერგი კიდევ ერთხელ და სრული ძალით მაყურებელს კინოს სიყვარულში გამოუტყდა. კინო მომავალი გენიოსისთვის ერთადერთი იარაღია, რომელიც გარესამყაროსთან კომუნიკაციაში ეხმარება. სურათი გაჯერებულია უამრავი მინიშნებით, რომელიც სპილბერგის შემოქმედების მოყვარულებს არ გამორჩებათ, ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა კი ფინალურია, რომელშიც მაყურებელი ერთ კადრში ამერიკული კინოს სამ გენიოსს ხედავს.

1. The Banshees of Inisherin

მარტინ მაკდონას ახალი ნამუშევარი ძალიან გავს ირლანდიურ ზღაპარს ან ბალადას, ალბათ ამიტომაც ინიშერინი გამოგონილი, ერთი შეხედვით რეალურ სამყაროს სრულიად მოწყვეტილი დასახლებაა, რომელშიც 1920-იანი წლების ირლანდიის სახასიათო პერსონაჟები ცხოვრობენ. კოლინ ფარელისა და ბრენდან გლისონის ბრწყინვალე პერფორმანსს ზურგს უმაგრებს ულამაზესი კადრებით გადმოცემული ხედები და კარტერ ბარუელის ფოლკლორული ელემენტებით გაჯერებული მუსიკა. სიუჟეტი 1923 წლის სამოქალაქო ომის ფონზე ვითარდება, მაკდონა ბატალური სცენების გარეშე, ორი ადამიანის მაგალითზე ძალიან ოსტატურად, მეტაფორულად გადმოსცემს ძმათამკვლელი ომის აბსურდულობას.

კომენტარები