ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ჰქონდათ საუბრები "სხვადასხვა თემაზე, რაც დამოკიდებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან" და რომ დაუდასტურეს "ამერიკელ პარტნიორებს" მზაობა ურთიერთობის გადატვირთვაზე და განახლებაზე.
ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე ჰქონდათ თუ არა საუბარი მაგალითად არჩევნების საკითხზე, კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ს წარმომადგენლებს გაუზიარეს მოსაზრებები იმაზეც, თუ როგორ ემზადებიან 2028 წლის არჩევნებისთვის.
კობახიძემ წინა ადმინისტრაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბევრი რამ გაფუჭდა მათი "უსამართლობის" გამო. მისივე თქმით, "რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი ურთიერთდამოკიდებულებით."
ჟურნალისტის კითხვაზე, შეცვლიან თუ არა დამოკიდებულებას კონკრეტულ საკითხებში, კობახიძემ განაცხადა, "აშშ-მ განაახლა პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სხვა დონეზე აიყვანა, ესაა აზერბაიჯანი, სომხეთი, იქ ხო არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება არც არიმე სხვა არავითარი ასეთი წინაპირობა არ ყოფილა, არც ოპოზიციასთან."
[...] იმიტომ, რომ იყო უსამართლობა. იმიტომ გაწყდა, რომ არ ჩავერთეთ ომში და არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამიტომ გაწყვიტა წინა ადმინისტრაციამ. ჩვენზე უკეთესი კანონებია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, თუ რაშია საქმე? ხო ხედავთ, რომ აბსოლუტურად უსუსურია ეს არგუმენტები, როდესაც გვეუბნებიან რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის უკეთესი კანონები, ვიდრე საქართველოში, ეს არის ძალიან უსუსური არგუმენტი, აქედან გამომდინარე, თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს მიდგომა იქნება არა უსამართლო, არამედ სამართლიანი. რაც გაფუჭდა უსამართლო მიდგომით, ის შეიძლება გაუმჯობესდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომებით."
ცნობისთვის, 27 მაისს, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.
საგარეოს ცნობით, შეხვედრაზე "განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები."
დღეს, 28 მაისს, კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ.
კოალიციის წევრის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით საუბარი იყო იმაზე, თუ "რა არის საქართველოს ინტერესები".
"იმაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა, რომ ვაშინგტონსა და ქართულ ოცნებას შორის რაღაც ნორმალიზება მოხდეს. საუბარი იყო, რა არის საქართველოს ინტერესები, ასევე ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში რა არის აშშ-ს ინტერესები და როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივად დამთხვევა და გატარება [...] ამის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა. როცა ლაპარაკია აშშ-ს ინტერესებზე - ამ ადმინისტრაციის პირობებში მეტწილად საუბარია აშშ-ს ეკონომიკურ ინტერესებზე, ამას სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა სჭირდება, რაც ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლებია და რაც არ გვაქვს. ჩვენი გზავნილიც ეს იყო, რომ ჩვენც ამისთვის ვიბრძვით [...]
სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ს 10-წლიან ვიზას იძლეოდნენ, დღეს კი 1-თვიანი ვიზა რომ აიღო, აშშ-ში ერთი შესვლით, დეპოზიტზე 15 000 დოლარი უნდა გქონდეს. ურთიერთობა ასეთი გაუარესებულია. ამ ყველაფერზეც იყო ლაპარაკი". - თქვა ჯაფარიძემ.




