კინო

2024 წელს გამოსული 10 საუკეთესო ფილმი

კინო

2024 წელს გამოსული 10 საუკეთესო ფილმი

კინომოყვარულებისთვის 2024 წელი ნამდვილად დატვირთული წელი გამოდგა - მიმდინარე წლის კინოგაქირავებამ მაყურებელს არაერთი ვიზუალურად მიმზიდველი, მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერი და საავტორო, ხმაურიანი თხრობის სტილით გამორჩეული ფილმი შესთავაზა.

თავის მხრივ, 2024 წელი კინოინდუსტრიისთვისაც გარდამტეხი, ცვალებადი პერიოდი აღმოჩნდა - ერთფეროვანი თხრობითი ნორმების უარყოფამ, საავტორო ნიშამ და ჟანრობრივმა გადაკვეთამ, რომელიც საგრძნობლად აღქმადი იყო მიმდინარე წელს არსებითად შეცვალა როგორც სამომხმარებლო, ასევე კინოგაქირავების ტენდენციები.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 2024 წლის 10 საუკეთესო ფილმს

10. Love Lies Bleeding / სიყვარული, ტყუილები, სისხლდენა

ბრიტანელი რეჟისორის, როუზ გლასის ქვიარ თემატიკის კრიმინალური თრილერი და გაზაფხულის სეზონის ერთ-ერთი გამხსნელი ფილმი. ლუ (კრისტენ სტიუარტი) ნიუ მექსიკოს გავლენიანი იარაღების კონტრაბანდისტის (ედ ჰარისი) ქალიშვილია - ის სპორტდარბაზში მენეჯერად მუშაობს, პარალელურად ცდილობს საკუთარი და მისი მოძალადე ქმრისგან (დეივ ფრანკო) დაიცვას.

მამის კრიმინალურ წარსულთან კავშირი და დედის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარება, ლუს არ აძლევს საშუალებას ქალაქი დატოვოს, მას FBI  სამსახურში აკითხავს და პასიურად აიძულებს ითანამშრომლოს უწყებასთან.

ლუ ასევე ხვდება ჯეკის (კეტი ო’ბრაიენს), რომელიც ათლეტური აღნაგობის ლუიზიანელი გოგოა - მისი მთავარი მიზანი ლას ვეგასში ბოდიბილდინგის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაა.

გლასის ფილმი გამოირჩევა გვიანდელი 1980-იანების სივრცობრივი ესთეტიკით, რასაც თან ერთვის ნატურაზე ორიენტირებული და ასევე კარგად შეფუთული ძალადობის სცენებიც.  

ცალკეულად აღსანიშნია კრისტენ სტიუარტისა და კეტი ო’ბრაიენის ქიმია ფილმში.

მიუხედავად იმისა, რომ სცენარს გარკვეული ნაკლოვანებები გააჩნია, ვფიქრობ, რომ გლასის სტეროიდებით, ოფლითა და სისხლით სავსე თრილერი დროის გასაყვანად აუცილებლად დაგეხმარებათ და ნიკოტინზე დამოკიდებული კრისტენ სტიუარტის ყურებაც, გარკვეულ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

9. Challengers / მეტოქეები

კრიმინალური რომანის, მთელი არსებით (Bones and All)-ის შემდეგ, ლუკა გუადანინო ახალი სასიყვარულო სამკუთხედით დაგვიბრუნდა. მეტოქეები ჩოგბურთის მოთამაშეების, ტაშის, არტის და პატრიკის ვნებათაღელვით გაჟღენთილ ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

არტი (მაიკ ფეისტი) და პატრიკი (ჯოშ ო’კონორი) ახლო მეგობრები არიან, ისინი ერთად თამაშობენ ჩოგბურთის აკადემიაში და მონაწილეობას იღებენ ტურნირებში. პატრიკს და არტის ჯანსაღი კონკურენცია და საერთო ინტერესი ამოძრავებთ იქამდე, სანამ ტაშის (ზენდეია) შეხვდებიან.

ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ტაში წყვეტს პროფესიონალური ტენისის კარიერას. დროის წყვეტის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ არტი და ტაში დაქორწილებულები არიან - ტაში არტისთვის მწვრთნელისა და მეუღლის როლს ითავსებს და ეხმარება ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდეს პროფესიონალურ ტენისში, როცა პატრიკი (არტიზე ობიექტურად უკეთესი მოთამაშე) “ჩამოწერილ სპორტსმენად” ცხოვრობს.   

ჩვენ ვხედავთ ერთგვარს სპექტრს - როგორ დომინირებს, მანიპულრების ტაში ბიჭებსა და მათ სურვილებზე.

ჯოშ ო’კონორისა და მაიკ ფეისტის სამსახიობო დუეტი გუადანინოს კამერაში მოწოდების სიმაღლეზეა. 

გუადანინოს თხრობითი დრამატურგია თამაშსა და რითმზე გაჰყავს, რაც ტენისს, როგორც სექსის სიმბოლურ ალიტერაციას ორმაგად მიმზიდველ სანახაობად გვაჩვენებს.

სივრცობრივად ჩაკეტილ, პერსონაჟებზე ორიენტირებული თხრობით, დინამიური ქორეოგრაფიითა და ტრენტ რეზნორის საოცარი მუსიკალური არანჟირებით, გუადანინო მაყურებელს კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას გახდნენ მისი პერსონაჟების ზაფხულის ცხელი დღეების ნაწილი.

8. Substance / სუბსტანცია 

კორალი ფარგეტის სუბსტანცია შემოდგომის ჰორორ სეზონის ერთ-ერთი წამყვანი ფილმი გახლდათ. 

სუბსტანცია ჩამქრალი სუპერვარსკვლავის, ელისაბედ სპარკლის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ორწლიანი პაუზის შემდეგ, 1990-იანი წლების სუპერვარსკვლავი დემი მური ასახიერებს. სპარკლი დაბერებისა და ჩანაცვლებისგან გამოწვეული სასოწარკვეთილებისგან გადაწყვეტს შავ ბაზარზე გამაახალგაზრდავებელი სუბსტანცია შეიძინოს, რომელიც მის სხეულში ახალგაზრდა ცოცხალ ორგანიზმს გაანაყოფიერებს.

სპარკლი კონტროლს კარგავს როგორც სუბსტანციის დოზირებაზე, ასევე საკუთარ ორეულზეც (მარგარეტ ქუელი), რომელიც მისი ძველი სხეულიდან გაჩნდა.

ექსპერიმენტალური ვიზუალით, ხმის დიზაინითა და სტერილური, აჭრელებული მიზანსცენებით კორალი ფარგეტი მაყურებელს ნამდვილად დამამახსოვრებელ ბოდი ჰორორ ფილმს სთავაზობს, რომელიც ერთის მხრივ გვაჩვენებს ფალოცენტრული ინდუსტრიის სახეს, ხოლო მეორეს მხრივ პირისპირ გვტოვებს ელისაბედ სპარკლის ბნელ ლტოლვებთან.

7. Longlegs / გრძელფეხება

ჰორორ ჟანრის სეზონი წელს ოზ პერკინსის კრიმინალურმა თრილერმა, გრძელფეხებამ  (Longlegs) გახსნა. ფილმი მოგვითხრობს ახალბედა FBI-ს აგენტის, ლი ჰარკერის ამბავს, რომელიც 1970-იან წლებში ჩადენილ, გაუხსნელი მკვლელობების სერიებს იძიებს.

ფილმის თხრობა სამ ნაწილად არის დაყოფილი. პერკინსი ფილმის პირველივე წუთებში გვაძლევს საშუალებას წამიერად შევავლოთ თვალი ცივსისხლიან ეგომანიაკს, რომელიც მის ერთ-ერთ მსხვერპლს სახლში აკითხავს; ჩვენ ასევე ვხედავთ ახალბედა ჰარკერს, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს FBI-ში.

ნაწილების მონაცვლეობასთან ერთად, პერკინსი არსებითად უმატებს სასფენსის წონასაც - ცივი, მუქი ფერების თამაში დაბალი კონტრასტის მქონე კადრებთან და კომპოზიციური გადაწყვეტასთან ერთად ნამდვილად საქმის თანამონაწილედ გაგრძნობინებთ თავს.

ცალკეულად უნდა აღინიშნოს ნიკოლას ქეიჯის სამსახიობო შესრულება - ლონგლეგსის პერსონაჟი კიდევ ერთი დასტურია იმ ფაქტის, რომ ეს კაცი ფეთქებადი და ექსცენტრული პერსონაჟების სათამაშოდ დაიბადა.

ფილმს განსაკუთრებით უხდება 1970-1980-იანი წლების ამერიკის დემენციურობა, ნაწილობრივი True Crime ჟანრის პათოსიც.

ჯამში, გრძელფეხება სულ მცირე ორ საათ ნახევრის მანძილზე ნამდვილად მიგაჯაჭვებთ თქვენს ეკრანებს.

6. Look Back / უკან მოიხედე

2024 წლის ნოემბერში, იაპონური მანგის ახალი ტალღის არტისტის, ტაცუკი ფუჯიმოტოს ნამუშევრის, უკან მოიხედეს ანიმე ადაპტაცია ვიხილეთ.

ფუჯიმოტო სენსეის უკან მოიხედემ 2021 წლის ივლისში ერთგული მკითხველისა და მანგის მოყვარულების დიდი სიმპათია დაიმსახურა, ხოლო მიმდინარე სეზონზე ერთ-ერთი მთავარი სრულმეტრაჟიანი ანიმე ფილმიც გახდა.

უკან მოიხედე ორი მეგობრის, ფუჯინოსა და კიომოტოს ამბის შესახებ მოგვითხრობს. ფუჯინო თავდაჯერებული, პოპულარული და ნიჭიერი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ადრეული ასაკიდან ხატვის ნიჭით არის დაჯილდოებული. ის სკოლის გაზეთისთვის პატარა, ოთხპანელიან მანგებს (იაპონურ კომიქსებს) ხატავს და თანაკლასელთა სიმპათიითაც სარგებლობს იქამდე, სანამ კიომოტოს შეხვდება და მის ნამუშევრებს ნახავს.

კიომოტო ჩაკეტილი ადამიანია, რომელიც ფუჯინოს და მის ნამუშევრებს აღმერთებს. მას შემდეგ, რაც ორნი დაახლოვდებიან, გადაწყვეტენ ერთად დაიწყონ მუშაობა საერთო პროექტზე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობის კონკურსში გაიმარჯვებს.

ამის შემდეგ ბავშვობის მეგობრების გზები იყოფა - ფუჯინო მარტო აგრძელებს მის სერიულ მანგაზე მუშაობას, ხოლო კიომოტო სამხატვრო აკადემიაში მიდის.

წლების განმავლობაში შეწყვეტილ კონტაქტს ერთ დღეს ფუჯინოს დედის ზარი წყვეტს, რომელიც მას ატყობინებს, რომ კიომოტო უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა.

Coming of an age  ჟანრის სახასიათო სევდითა და რომანტიზირებული თხრობით, უკან მოიხედე მაყურებელს ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს - ეს არის საერთოადამინური, ხელშესახები ამბავი იმის შესახებ, თუ რა რჩება “უკან”, როცა ადამიანებთან გაზიარებულ დროსა და ემოციებს თვითნებურად ვიყენებთ.

5. Dune: Part Two / დიუნი: ნაწილი მეორე

სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში მაყურებელმა კინოეკრანებზე დენი ვილნევის მუად დიბის საგის გაგრძელება იხილა - კანადელმა რეჟისორმა ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო-ფანტასტიკური ბესტსელერის მეორე ნაწილით, ერთგვარად შეავსო ის ჩავარდნები თუ ნაკლოვანებები, რამაც ფილმის პირველ ნაწილის შემდეგ მაყურებელთა თუ რომანის თაყვანისმცემელთა კრიტიკა დაიმსახურა.

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვილნევმა დიუნის მეორე ნაწილით კინოადაპტაციური თამასა საგრძნობლად მაღლა აწია - წიგნის სამყაროსთვის დამახასიათებელ ხისტ, ბრუტალურ, მშრალ და თვალწარმტაც ლანდშაფტებზე აგებულ ვიზუალურად უნაკლო მიზანსცენებს თან ერთვის უბადლო ქორეოგრაფიით შესრულებული დინამიური საბრძოლო სცენები და ჰანს ციმერის შეუდარებელი მუსიკალური არანჟირებაც.

დიუნის მეორე ნაწილი 2024 წლის სეზონის ერთ-ერთი ღირსეული გამხსნელი ფილმი გახლდათ, რომელმაც პრემიერმის კვირას $82,505,391 მლნ დოლარი გამოიმუშავა. 

ფილმის პირველმა ნაწილმა 2022 წელს კინოაკადემიის 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ვილნევის დიუნის მეორე ნაწილი ფრენკ ჰებერტის რომანის კინოადაპტაციის ღირსეულ გააგრძელებას და ოსკარის უპირობო პრეტენდენტს წარმოადგენს.

4. Conclave / პაპის კონკლავი

გერმანელი რეჟისორი, ედვარდ ბერგერი 2 წლის შემდეგ ბრიტანელი მწერლის, რობერტ ჰარისის კონკლავის კინოადაპტაციით დაუბრუნდა მაყურებელს. თვალისმომჭრელი და პრეტენზიული (ამ ყოველივეს პოზიტიური გაგებით) - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ბერგერის პოლიტიკური თრილერი და უწყინარი სატირა.

ბერგერი კარდინალთა საბჭოს ჩაკეტილ კარს მიღმა არსებულ ტურბულენტობას ერთის მხრივ სიმეტრიული, მიმზიდველი და ზომიერად გამომწვევი ფორმით აწვდის აუდიტორიას.

კონკლავი ამბის თხრობას გარდაცვლილი პაპის სასთუმალთან იწყებს. მთავარი პერსონაჟი ინგლისელი კარდინლი ლოურენსია (რალფ ფაინსი), რომელიც პარალელურად კარდინალთა კოლეგიის დეკანია. ლოურენსს პაპის გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო კონკლავის ჩატარება უწევს - კარტები თხრობის პარალელურად ერთი-მეორის მიყოლებით იშლება.

ფილმის ქრონოლოგია სამ ნაწილად არის გაყოფილი, რომელიც კარდინალთა საბჭოს არჩევნების 3 დღეს მოიცავს. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის პირველი 15 წუთი, გამომსახველობითი და ესთეტიკური თვალსაზრისით სრული შედევრია - ჩვენ შევდივართ (უფრო ვიპარებით) კათოლიკური სამყაროს ცენტრსა და უპირობოდ გარდამტეხ პერიოდში (ახალი პაპის არჩევნებში), სადაც მისი ცერემონიული თუ გამომსახველობითი პერფორმაციულობა მოჯადოებულს, მიჯაჭვულს გვტოვებს ეკრანებთან ორი საათის მანძილზე.

რალფ ფაინსის, მერაბ ნინიძისა და სტენლი ტუჩის სამსახიობო ტრიადა ცალკეულ შექებას იმსახურებს.

ჯამში, კონკლავი მაყურებელს 2024 წლის ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ, სანახაობრივ ორ საათს სთავაზობს, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ პოლიტიკური თრილერები გიზიდავთ.

3. Anora / ანორა

შონ ბეიკერი 3 წლიანი პაუზის შემდეგ სტუდია Neon-ის ანორათი დაბრუნდა. ფილმის პრემიერა 2024 წლის მაისში, კანის კინოფესტივალზე შედგა და ფესტივალის გრანპრიც მოიპოვა.

ანორა არ არის ტიპური “კონკიას” ან “ლამაზმანის” მსგავსი ფილმი. წარმოშვობით უზბეკი, ახალგაზრდა სტრიპტიზიორი ენი (მაიკა მედისონი), რომელიც ნიუ-იორკის სამხრეთით, ბრაიტონის სანაპიროს უბანში ცხოვრობს ხვდება რუსი ოლიგარქის შვილს, ვანიას (მარკ ედელშტეინი). წყვილის ურთიერთობა ორმხრივ სარგებელზე გადის, პარალელურად სავსეა მდიდარი მამიკოს შვილის მანიპულაციური თამაშებით.

ვანია იმპულსური, ექსცენტრული და რაც მთავარია უპასუხისმგებლო, განებივრებული ადამიანია - მისი ყოველდღიურობა უწყვეტ წვეულებებზე, ნარკოტიკებსა და გართობაზე გადის.

ივანი ანორას სთავაზობს, რომ ერთი კვირის მანძილზე მისი შეყვარებულის როლი ითამაშოს - ვეგასში ერთკვირიანი რანდევუს ბოლოს ისინი დაქორწინდებიან, რასაც ოლიგარქის ოჯახის მხრიდან უარყოფა და განქორწინების მოთხოვნა მოყვება.

ანორას პერსონაჟის მიმართ სტერეოტიპული შეურაცხყოფების კასკადის, ჩამსხვრეული შუშებისა და ყვირილის პარალელურად, ბეიკერი უფრო გვიმძაფრებს კონტრასტულ თხრობას - ფილმის პირველ ნაწილში მაყურებელი ყველაფერს ენის პერსპექტივით ხედავს.

მეორე აქტში შონ ბეიკერი იგორის (იურა ბორისოვი) პერსონაჟს გვაცნობს, რომელიც ერთი შეხედვით ტიპურ ჩხუბისთავს, დაქირავებულს ჰგავს.

აღსანიშნია, რომ შონ ბეიკერმა მსახიობი 2021 წელს, კანის კინოფესტივალზე, რეჟისორ იუჰო კუოსამენის ფილმ კუპე ნომერ 6-ში შეამჩნია, რამაც დიდი გავლენა იქონია უშუალოდ ბეიკერზეც.

ამ ნაწილიდან, ჩვენ უკვე ყველაფერს იგორის პერსპექტივით ვუყურებთ - ამ ხისტი, მკრთალი საღის მიღმა, რეალურად ემპათია, ცალმხრივი გრძნობა და ვალიდაცია იმალება ანორას მიმართ.

შონ ბეიკერს უყვარს, როცა მისი პერსონაჟების, მათი ფიქრებისა და უშუალო პერსპექტივის წინაშე მარტოს გვტოვებს - ენი, იგივე ანორა (მაიკა მედისონი) ამის ნათელი მაგალითია.

2. Kinds of Kindness / სიკეთის სახეები

2024 წლის ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ფილმი ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის სიკეთის სახეები გახლდათ. საბრალოებიდან (Poor Things) მოკლე პაუზის შემდეგ, ლანთიმოსი მაყურებლის წინაშე ახალი კინონოველით დაბრუნდა.

ბერძენი რეჟისორი აგრძელებს კინოინდუსტრიაში არსებული ნორმებისა და სინტაქსის რღვევას - ისევე, როგორც მაყურებლის პროვოკაციული ვიზუალური და თხრობითი გადაწყვეტით მოჯადოებას.

სიკეთის სახეები სამ ვიზუალურ ნოველას აერთიანებს ემა სტოუნის, ჯესი პლმონსის, უილემ დეფოს, მარგარეტ ქუელის, ჯო ალვინისა და ჰანტერ შაფერის მონაწილეობით - პირველ ნოველა გვიყვება კომპანიის თანამშრომლის (ჯესი პლემონსი) ამბავს, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს მისი უფროსის (უილემ დეფოს) დესპოტურ ხელსა და მანიპულაციურ თამაშებს - უილემ დეფოს პერსონაჟი პირადპირ “მართავს” პლემონსის პერსონაჟს, ყოველკვირეულად უგზავნის ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროს, როგორ იკვებოს, როდის, რა ფორმით დაკავდეს სექსით და ა.შ.

მეორე ნოველაში წლების განმავლობაში გაუჩინარებული საზღვაო ბიოლოგი (ემა სტოუნი) ბრუნდება მის მეუღლესთან (ჯესი პლემონსთან), რომელიც მის გაუჩინარებულ-დაბრუნებულ მეორე ნახევარს თვითმარქვიად მიიჩნევს, რადგან სტოუნის პერსონაჟი უჩვეულოდ იქცევა, ხოლო პლეიმონსის პერსონაჟი მას აიძულებს, საკუთარი რეალურობა დაამტკიცოს. 

მესამე ნოველაში პლემონსი და სტოუნის პერსონაჟები სექტანტების როლში გვევლინებიან. სექტის ლიდერი (უილემ დეფო) მათ ქალის მოძებნას დაავალებს, რომელსაც გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლების უნარი აქვს.

ლანთიმოსს უყვარს ადამიანთა ყოველდღიური, პირადი თუ სულიერი ცხოვრების ამგვარი გაშიშვლება (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ მას) - უყვარს, როცა ჩვენ, მაყურებელს გვტოვებს მისი შავი იუმორისა და ძრწოლვისმომგვრელი აბსურდული მოტივების წინაშე, რომელიც ამავდროულად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. 

საბოლოო ჯამში, სიკეთის სახეები იორგოს ლანთიმოსის შემოქმედებაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს ნამდვილად იკავებს, ხოლო მაყურებელს საინტერესო, გამომწვევ სანახაობას სთავაზობს.

1. Holy Electricity / წმინდა ელექტროენერგია

2024 წელს ტატო კოტეტიშვილი ფართო აუდიტორიის წინაშე მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით, წმინდა ელექტროენერგიით წარსდგა. ფილმის პრემიერა აგვისტოში, ლოკარნოს 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და მთავარი გრანპრი, ოქროს ლეოპარდიც მოიპოვა.

წმინდა ელექტროენერგია ერთგვარი პოემაა ჩვენი საერთოადამიანური, ყოფითი უბრალოების მიმართ და რაც მთავარია, იმ სივრცეების მიმართ, სადაც ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს გადაადგილება. 

ფილმი მთავარი პერსონაჟების, ბარტისა და გონგას გარშემო ვითარდება - ერთ ჩვეულებრივ დღეს, ისინი ჯართსაყრელზე მეტალის ჯვრებით სავსე ორ ჩემოდანს პოულობენ.

ბარტი და გონგა გადაწყვეტენ ჯვრები ნეონის განათებით გაფორმონ და ქალაქში გასაყიდად გაიტანონ.  

დოკუმენტალისტური, სოციალური კინოს ესთეტიკით, კოტეტიშვილი ძალიან ორგანული ფორმით გვაწვდის ბარტისა და გონგას ყოველდღიურობას; ისევე, როგორც თბილისის გარეუბნების ესთეტიზირებულ სახეს - მაყურებელი პერსონაჟებთან ერთად ატარებს დროს ჯართსაყრელზე და ქალაქის გარშემოც ბარტის წითელი ოპელის უკანა სავარძლიდან მოგზაურობს.

ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე წმინდა ელექტროენერგიის ქართული პრემიერა თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაუქმდა - ისევე, როგორც ქართული პანორამის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა სხვა ქართული ფილმის ჩვენება. 

ასევე, ცალკეულად გთავაზობთ იმ ფილმების სიას, რომელიც ათეულში ვერ მოხვდა ან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მათი ჩვენება ვერ ან არ მოხერხდა:

  • The Seed of the Sacred Fig / წმინდა ლეღვის თესლი (რეჟისორი, მუჰამედ რასულოფი
  • The Girl with the Needle / გოგონა ნემსით (რეჟისორი, მაგნუს ფონ ჰორნი)
  • ტოქსიკური / Toxic (რეჟისორი, სალი ბლოველტი)
  • აპრილი / April (რეჟისორი, დეა კულუმბეგაშვილი)
  • When you’re Seventeen / როცა 17 წლის ხარ (რეჟისორი, გიორგი მუხაძე)
  • Babygirl / პატარა (რეჟისორი, ჰალინა რეინი)
  • Bird / ჩიტი (რეჟისორი, ანდრეა არნოლდი)
  • Black Dog / შავი ძაღლი (რეჟისორი, გუან ჰო)

კომენტარები