რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ პოლონეთის საზღვართან რაკეტის მოგერიება სცადეს – CNN

ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, აფეთქების ადგილიდანაა და Twitter-ზე ვრცელდება

CNN-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურად თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-სა და მოკავშირეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ, პოლონეთში მომხდარი ინციდენტის ლოკაციის მახლობლად და ამ მოვლენებამდე, რუსული რაკეტის უვნებელყოფა სცადეს.

CNN-ი აღნიშნავს, რომ არაა ცხადი, არის თუ არა ეს ის რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა.

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული წარმოების რაკეტის ჩამოვარდნა, მისი აფეთქება და მსხვერპლის რაოდენობა დაადასტურა.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

AP News-თან ამერიკელმა წყაროებმა ანონიმურად თქვეს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მიერ იყო გასროლილი და ის რუსულ რაკეტას იგერიებდა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ იერიშს იგერიებდა. დუდა შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები