რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ხერსონიდან გაქცევამდე ოკუპანტებმა ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს

Heidi Levine for The Washington Post

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა ხერსონიდან გაქცევამდე ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. მისი განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის სტაბილიზაციას იწყებს. 

"ხერსონიდან გაქცევამდე ოკუპანტებმა გაანადგურეს ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა: საკომუნიკაციო ხაზები, წყალი, გათბობა და ელექტროენერგია. [რუსებს] ერთადერთი მიზანი აქვთ - დაამცირონ ადამიანები ყველგან ისე, როგორც შეუძლიათ. თუმცა, მერწმუნეთ, ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ.". - თქვა ზელენსკიმ. 

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს. ამავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში შევიდნენ და ოლქში გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინეს.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები