საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დასანქცირებული 3 ქართული კრიპტოპლატფორმა მათ მიერ რეგულირებული სუბიექტები არაა.
"ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი (შპს ეიაიფორი, შპს აბცექს და შპს რაპირა გრუპ) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის". - წერია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
23 ივლისს, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული ახალი სანქციები საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოპლატფორმებზეც გავრცელდება.





