ტელეგრამ-არხ Крымский ветер-ის ცნობით, აშშ-ს არმიასთან დაკავშირებულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა, სახელად Bombardier ARTEMIS II-მა დღეს, 24 ივლისს, შავ ზღვაზე სადაზვერვო ფრენა შეასრულა.
ინფორმაცის ტელეგრამ-არხის მონიტორინგის ჯგუფი ვებგვერდ FlightRadar24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროუკრაინული არხის მონაცემებით, რადიოელექტრონული სადაზვერვო თვითმფრინავი რუმინეთის მიხაილ კოგელნიჩეანუს სახელობის აეროდრომიდან აფრინდა და შავი ზღვის აკვატორია დაზვერა.
Крымский ветер წერს, რომ ARTEMIS II-ის მოქმედების რადიუსი 600 კილომეტრს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ მას რუსეთში – ასტრახანიდან ელისტამდე, სტავროპოლის მხარესა და თითქმის მთელ კასპიის ზღვაში – რადიოლოკაციური და საკომუნიკაციო ობიექტების მონიტორინგი შეუძლია.
ტელეგრამ-არხი აღნიშნავს, რომ იმ ტრაექტორიით, რომლითაც თვითმფრინავი ჩვეულებრივ გადაადგილდება, მას დონეცკის, ხერსონისა და დონის როსტოვამდე ობიექტების "დანახვა" შეუძლია.
მანამდე, 22 ივლისს Крымский ветер ასევე იტყობინებოდა, რომ Bombardier ARTEMIS II-მა შავ ზღვაზე სადაზვერვო ფრენა შეასრულა. ტელეგრამ-არხი წერდა, რომ თვითმფრინავი რუსეთში კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებსა და ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინული იერიშების შედეგებს დააკვირდა.




