ეკოაქტივიზმი

გერმანიაში ეკოაქტივისტებმა კლოდ მონეს ნახატს კარტოფილის პიურე შეასხეს

გერმანიაში, პოსტდამის მუზეუმში ეკოაქტივისტებმა კლოდ მონეს ნახატს კარტოფილის პიურე შეასხეს, შემდეგ კი კედელზე ხელები მიიწებეს.

იმპრესიონისტი მხატვრის ნახატის დაზიანება აქტივისტური ჯგუფის Letzter Generation-ის ორმა წევრმა სცადა. მუზეუმში აცხადებენ, რომ ნახატი შუშით იყო დაცული და არ დაზიანებულა.

"ადამიანები შიმშილობენ, ადამიანები იყინებიან, ადამიანები კვდებიან. ჩვენ კლიმატის კატასტროფაში ვცხოვრობთ. და ერთადერთი, რისიც გეშინიათ პომიდვრის წვნიანი, ან პიურეა. იცით, მე რისი მეშინია? მეცნიერებამ თქვა, რომ 2050 წლისთვის ჩვენ აღარ გვექნება საკუთარი ოჯახების გამოკვების საშუალება. აუცილებელია კარტოფილის პიურე ნახატზე, რომ მოისმინოთ? ნახატს ღირებულება არ ექნება, როდესაც ჩვენ საკვებისთვის მოგვიწევს ბრძოლა". - თქვა ერთ-ერთმა ეკოაქტივისტმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აქტივისტები პლანეტის დაცვის მოთხოვნით მუზეუმის ნამუშევრების დაზიანებას ცდილობენ.

14 ოქტომბერს, ეკოაქტივისტებმა ლონდონის ეროვნულ გარეაში ვან გოგის მზესუმზირებს პომიდვრის წვნიანი შეასხეს. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქტივისტები, რომლებსაც მაისურები ეცვათ წარწერით - Just Stop Oil (შეაჩერეთ ნავთობი), ნახატს წვნიანის კონსერვს ასხამენ.

რამდენიმე თვის წინ კი, კლიმატის დამცველმა აქტივისტმა ლუვრის მუზეუმში დაცულ, ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატს ტორტი ესროლა.

კომენტარები