უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე ირანის რეჟიმის მუქარებს გამოეხმაურა, მას შემდეგ უკრაინამ კასპიის ზღვაში იერიში მიიტანა გემზე, რომელიც სამხედრო ტვირთის გადასატანად გამოიყენებოდა, რასაც თეირანის მხრიდან კიევის წინააღმდეგ მუქარები მოჰყვა.
"ირანის მუქარები გაუმართლებელი და უსაფუძვლოა. თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პირდაპირი თანამზრახველია." – დაწერა სიბიჰამ და დაამატა, რომ ირანი ხელს უწყობდა მოსკოვს იმ იარაღის მიწოდებით, რომლის მეშვეობითაც 2022 წლიდან მოყოლებული რუსეთი უკრაინელებს ხოცავს.
"ირანს არ აქვს უფლება, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, მით უმეტეს, თავისი მუქარები გაეროს ქარტიაზე აბსურდული მითითებებით გაამართლოს." – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და ხომალდებს დაარტყა, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ.
მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კასპიის კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო ხომალდზე უკრაინის თავდასხმა დაგმო. თეირანმა ინციდენტს აგრესიის აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ირანი ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას დაიცავს.
ამ ფონზე 27 ივლისს ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ, პასუხის გაცემის პირობა დადო და განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა მომხდარისთვის პასუხი უნდა აგონ.
"უკრაინის ქმედება აბსოლუტურად უკანონო და გაუმართლებელია, ეწინააღმდეგება [გაეროს] ქარტიას და წარმოადგენს თავგადასავლების ძიების სახიფათო აქტს, რაც ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ დარჩება პასუხგაუცემელი." – თქვა მან.
ბაღეიმ "ზელენსკის უკან მდგომ უფრო დიდ ფიგურებს" უკრაინის პრეზიდენტის "გაკონტროლებისკენ" მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, "უკრაინის რეჟიმის ქმედებებს შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს და გავლენა მოახდინოს მსოფლიოს სხვა ნაწილებზე."
მანამდე გაეროს ქარტიის დარღვევაში უკრაინა ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმაც დაადანაშაულა, რომელმაც განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში ირანულ გემს ზელენსკი "ისრაელის დავალებით" დაესხა თავს.




