ეკოაქტივისტების დაჯგუფებამ, Just Stop Oil-მა (JOS) განაცხადა, რომ წყვეტს საპროტესტო მოქმედებებს, ხოლო ბოლო აქციას 26 აპრილს ბრიტანეთის პარლამენტის მოედანზე გამართავს.
27 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფმა აღნიშნა: "Just Stop Oil-ის თავდაპირველი მოთხოვნა - შეწყვეტილიყო ახალი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის პროექტები - ახლა უკვე მთავრობის პოლიტიკაა, რაც ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობად გვაქცევს.
ჩვენ მიწაში დავტოვეთ 4.4 მილიარდზე მეტი ბარელი ნავთობი, ხოლო სასამართლომ ახალი ნავთობისა და გაზის ლიცენზიები უკანონოდ სცნო.
მაშასადამე, სუპის შესხმა ვან გოგის ნამუშევრებზე, სახამებლის შეყრა სტოუნჰენჯზე და ქუჩებში ნელი მსვლელობები დასრულდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ [ჩვენ წინააღმდეგ] დასრულდა სასამართლო პროცესები, თვალთვალი, ჯარიმები, პირობითი სასჯელები და მრავალწლიანი პატიმრობები".
ჯგუფი აცხადებს, რომ ის ახალი სახის სტრატეგიებს მოიფიქრებს, რომელიც საშუალებას მისცემს გლობალურ ეკოლოგიურ გამოწვევებს უპასუხოს.
Just Stop Oil 2022 წლის აპრილში ბრიტანეთში დაარსდა და მრავალი მაღალი გახმაურებული პროტესტი მოაწყო. მათი მთავარი მოთხოვნა ბრიტანეთში ახალი წიაღისეული საწვავის ლიცენზირებისა და წარმოების შეწყვეტა იყო.
JOS-ის წევრებმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის ნახატს - "მზესუმზირებს" - წვნიანი ორჯერ შეასხეს. პირველად 2022 წლის 14 ოქტომბერს, ხოლო მეორედ რამდენიმე საათის შემდეგ რაც 2024 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით 2022 წლის პროტესტში მონაწილე პირებს პატიმრობა შეეფარდათ.
შემთხვევის შედეგად ნახატი არ დაზიანებულა, მაგრამ გარკვეული დაზიანება განიცადა მე-17 საუკუნის ჩარჩომ. თუმცა, რესტავრატორების მუშაობის შედეგად ნახატი გამოფენას იმავე დღეს დაუბრუნდა.
ამავე ჯგუფის წევრებმა, ასევე, ლონდონში, ეროვნულ გალერეაში დიეგო ველასკესის ვენერის ტილოს დამცავი შუშა დაამსხვრიეს.
JOS-ის წარმომადგენლებმა 2024 წელს ფხვიერი საღებავი შეასხეს სთოუნ ჰენჰს.





