ეკოაქტივიზმი

ეკოაქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ვან გოგის მზესუმზირებს წვნიანი შეასხეს

ეკოაქტივისტებმა ლონდონის ეროვნულ გარეაში ვან გოგის მზესუმზირებს პომიდვრის წვნიანი შეასხეს. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქტივისტები, რომლებსაც მაისურები ეცვათ წარწერით - Just Stop Oil (შეაჩერეთ ნავთობი), ნახატს წვნიანის კონსერვს ასხამენ

მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, დაკავებულია ორი ადამიანი. გალერეაში აცხადებენ, რომ ნახატი შუშით იყო დაფარული, ამიტომ არ დაზიანებულა.

ვიდეოში აქტივისტი ყვირის: "რა უფრო ღირებულია? ხელოვნება თუ სიცოცხლე? ხელოვნება საჭმელზე უფრო ძვირფასია? ღირს კი უფრო მეტი, ვიდრე სამართლიანობა? რა უფრო ღირებულია ნახატის თუ ჩვენი პლანეტისა და ხალხის დაცვა?".

ნახატი ვან გოგის 1888-89 წლებში შექმნილი შვიდი მზესუმზირის ნამუშევრიდან ერთ-ერთია, რომელთაგან ხუთი გამოფენილია გალერეებსა და მუზეუმებში მთელ მსოფლიოში. გალერეა მზესუმზირის ნახატებს აღწერს, როგორც "ვან გოგის ყველაზე საკულტო და ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის ერთ-ერთს".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აქტივისტები პლანეტის დაცვის მოთხოვნით მუზეუმის ნამუშევრების დაზიანებას ცდილობენ: რამდენიმე თვის წინ, კლიმატის დამცველმა აქტივისტმა ლუვრის მუზეუმში დაცულ, ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატს ტორტი ესროლა. 

მონა ლიზაც მსგავსად მზესუმზირებისა მინით იყო დაცული, ამიტომ ეკოაქტივისტებმა ვერც ერთი მათგანის დაზიანება ვერ მოახერხეს. 

კომენტარები