თავდასხმა Nord Stream-ის გაზსადენებზე

ნარიშკინი: Nord Stream-ის გაზსადენებზე თავდასხმის უკან დასავლეთი დგას

სერგეი ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის თქმით, ბალტიის ზღვაში Nord Stream-ის გაზსადენებზე განხორციელებული "ტერორისტული აქტების" უკან დასავლეთი დგას

"ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, ამ ტერორისტული აქტების ორგანიზებასა და განხორციელებას დასავლეთის კვალზე გავყავართ. სწორედ ამიტომ, დასავლეთი ნამდვილი დამნაშავეებისა და ორგანიზატორების დასამალად ყველაფერს აკეთებს". - თქვა ნარიშკინმა.  

კრემლი ნარიშკინის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ საჭიროა ინციდენტის საფუძვლიანი საერთაშორისო გამოძიება. 

27 სექტემბერს ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

Reuters-ის ცნობით, გაჟონვა შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმის მიმდებარედ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.

დასავლეთი თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. კერძოდ, შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მეტად სავარაუდოა, რომ მილსადენებზე თავდასხმა სახელმწიფო აქტორის მიერ განზრახ განხორციელდა. 

ასევე, დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლების მიხედვით, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებთან, სადაც გაჟონვა მოხდა, რუსული საზღვაო ფლოტის გემები შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

კომენტარები