თავდასხმა Nord Stream-ის გაზსადენებზე

WSJ: ზელენსკიმ ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქება თავიდან დაადასტურა, CIA-ის თხოვნის შემდეგ გააუქმა

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქების ისტორიას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს

როგორც WSJ ირწმუნება, 2022 წლის მაისში უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები რუსეთის შემოჭრის ეფექტიანი შეკავების აღსანიშნად შეიკრიბნენ და სწორედ აქ გაჩნდა ჩრდილოეთის ნაკადის განადგურების იდეა. გამოცემა იდეის ავტორის სახელს არ ასახელებს.

WSJ წერს, რომ გაზსადენის აფეთქების ოპერაცია, მოქმედებაში ჩართული პირების ცნობით, დაახლოებით 300 000 დოლარი დაჯდა. გამოიყენეს პატარა, ნაქირავები იახტა და ექვსი ადამიანი, მათ შორის გაწვრთნილი მყვინთავები, რომლებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ და არა სამხედროები. ერთ-ერთი მონაწილე ქალი იყო, რომელსაც, WSJ-ს ცნობით, უნდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ იახტაზე უბრალოდ მეგობართა ჯგუფი იყო ასული.

"ყოველთვის მეცინება, როცა მედიის სპეკულაციებს ვკითხულობ რაღაც დიდ ოპერაციაზე, საიდუმლო სამსახურების, წყალქვეშა ნავების, დრონებისა და სატელიტების გამოყენებით. მთელი იდეა გაჩნდა ალკოჰოლის დალევისა და იმ რამდენიმე ადამიანის მტკიცე მიზანდასახულობით, რომლებსაც ჰქონდათ გამბედაობა, საკუთარი ქვეყნისთვის სიცოცხლე გაეწირათ." – იხსენებს WSJ-სთან ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე.

ოპერაციაში მონაწილე ერთ-ერთი პირისა და კიდევ სამი წყაროს ცნობით, თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გეგმის პირველი სახე დაადასტურა. თუმცა შემდეგ აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ (CIA) ამ გეგმის შესახებ შეიტყო და ზელენსკის სთხოვეს, რომ ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებაზე უარი ეთქვათ. WSJ-ს წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა გეგმის შეწყვეტის ბრძანება მართლაც გასცა. თუმცა, როგორც WSJ წერს, გენშტაბის მაშინდელი მეთაური, ვალერი ზალუჟნი, რომელიც ამ გეგმას ხელმძღვანელობდა, არ შეჩერებულა და მოქმედება გააგრძელა.

WSJ-ს კითხვებს ზალუჟნიმ, რომელიც ახლა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩია, უპასუხა, რომ მსგავსი გეგმის შესახებ არაფერი სმენია და საწინააღმდეგოს მტკიცება არის პროვოკაცია. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზღვარგარეთ მისიების შესრულების უფლება არ ჰქონიათ მიღებული და თავად ამ ყველაფერში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა WSJ-სთან ასევე უარყო, რომ კიევი ამ მოქმედებებში ჩართული იყო.

ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქმესთან დაკავშირებით დაკავების პირველი ორდენი გასცა. ორდენი ეხება უკრაინელ პროფესიონალ მყვინთავ ინსტრუქტორს. ის ეჭვმიატანილია საბოტაჟში მონაწილეობაში. WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ახლა გერმანული გამოძიება იკვლევს ზალუჟნისა და მისი დამხმარეების ჩართულობას. წყაროების თქმით, მათ წინააღმდეგ არ არსებობს სამხილები, რომელთა სასამართლო წარდგენაც შესაძლებელი იქნება.

WSJ წერს, რომ 2022 წლის მაისში გამართულ შეკრებაზე სამხედროები და ბიზნესმენები შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელები მოქმედებებს დააფინანსებდნენ, გეგმას კი სპეციალურ ოპერაციებში გამოცდილების მქონე გენერალი გაუძღვებოდა. ამ გენერალმა პროექტის შესახებ მთავარსარდალ ზალუჟნის შეატყობინა.

რამდენიმე დღეში ზელენსკიმ გეგმა დაადასტურა, როგორც WSJ წერს. წყაროების თქმით, ყველაფერი სიტყვიერად შეთანხმდა და ქაღალდზე არაფერი გაფორმებულა. თუმცა, წყაროების ცნობით, მომდევნო თვეში გეგმის შესახებ ნიდერლანდების სადაზვერვო სააგენტომ შეიტყოა და ამბავი CIA-ის აცნობა. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად თქვეს, რომ ცენტრალურმა დაზვერვის სააგენტომ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ეს სპეცოპერაცია შეეჩერებინათ. უკრაინის პრეზიდენტმა ზალუჟნის უბრძანა, რომ მოქმედება შეეჩერებინათ, თუმცა, WSJ-ს წყაროების ცნობით, ამ უკანასკნელმა ბრძანება უგულებელყო. წყაროები ამბობენ, რომ უკრაინის მაშინდელი მთავარსარდლის ჯგუფმა თავდაპირველი გეგმის დეტალები შეცვალა.

WSJ-ს ცნობით, ზალუჟნიმ სპეცოპერაცია უკრაინის უასფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომან ჩერვინსკის ჩააბარა. უკრაინაში მის წინააღმდეგ ამჟამად სხვა საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ივლისში ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ. მან WSJ-სთან კომენტარზე უარი თქვა.

როგორც WSJ წერს, გამოცდილი სამხედრო და სამოქალაქო მყვინთავების ჯგუფი გაზსადენს მხოლოდ სატელიტური ნავიგაციისა და საჯაროდ ხელმისაწვდომი რუკების დახმარებით ეძებდა, ასაფეთქებლად კი დისტანციურად მართვადი HMX-ის ბომბი ჰქონდათ, რომელსაც ძლიერი დეტონაცია შეუძლია.

WSJ-ს წყაროების ცნობით, როდესაც გაზსადენის აფეთქების შემდეგ ზელენსკიმ ზალუჟნი დაიბარა, გენერალმა კრიტიკა არ მიიღო და თქვა, რომ ქვეყნის დატოვების შემდეგ დივერსანტების ჯგუფი მიუწვდომელი იყო. ანონიმური წყაროს ცნობით, ისინი ზალუჟნიმ ტორპედოს შეადარა, რომელსაც, თუ გაუშვებ, უკან ვეღარ მოაბრუნებ.

გერმანელმა გამომძიებლებმა, რომლებსაც ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურის მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარათ, შეძლეს ეპოვათ იახტა, რომელიც უკრაინელმა დივერსანტებმა გამოიყენეს, აქ კი აღმოაჩინეს ასაფეთქებლებისა და დნმ-ს კვალი, რამაც მათ მიერ გამოძიების გაგრძელებას ხელი შეუწყო.

ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აფეთქებების შესახებ ცნობები 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა. პირველი გაზსადენი ევროპას ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდიდა. მეორე გაზსადენიც ამავე მიზნით აშენდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოესწრო. როგორც WSJ წერს, 6 პირი, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ, ამჟამად, სავარაუდოდ, უკრაინაში იმყოფებიან და ქვეყანას არ დატოვებენ.

 

კომენტარები