თავდასხმა Nord Stream-ის გაზსადენებზე

დანიის პოლიცია: Nord Stream-ის მილების გაჟონვა ძლიერმა აფეთქებამ გამოიწვია

დანიის ეკონომიკურ ზონაში, Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის გაჟონვის თაობაზე დანიის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების შედეგების მიხედვით, მილების დაზიანება აფეთქებამ გამოიწვია. 

"გამოძიებამ დაადასტურა, რომ დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მყოფ Nord Stream 1-სა და Nord Stream 2-ს დიდი დაზიანება მიადგა და ეს დაზიანება ძლიერმა აფეთქებებმა გამოიწვია". – ნათქვამია დანიის პოლიციის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, შეიქმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რათა მოხდეს ინციდენტის დამატებით და უფრო დეტალურად გამოძიება. 

Reuters-ის ცნობით, 27 სექტემბერს გაჟონვა შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმის მიმდებარედ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.

"გუშინ, რუსეთსა და დანიას შორის მდებარე ერთ-ერთ გაზსადენზე, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე გაჟონვა მოხდა. გაზსადენი არ ფუნქციონირებს, მაგრამ დატუმბულია გაზით, რომელიც მიედინება. დღეს კი შესაბამისმა სამსახურებმა, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორი გაჟონვა მოხდა გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 1-ზეც, რომელიც არ ფუნქციონირებს, მაგრამ ასევე დატუმბულია გაზით". - თქვა დანიის ენერგეტიკის მინისტრმა, დენ იორგენსენმა.

შვედეთის საზღვაო სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში გემების გადაადგილება შეზღუდულია.

"ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის ორი მილი დაზიანდა – ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში, მეორე კი დანიის. ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ვაკვირდებით, რომ ამ ადგილს არცერთი გემი არ მიუახლოვდეს". - აღნიშნულია შვედეთის საზღვაო სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, გაზსადენების ქსელზე მომუშავე ექსპერტები და რუსული მხარე საბოტაჟის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ.

"არსებობს იმის ნიშნებიც, რომ საქმე გვაქვს წინასწარ განზრახულ დაზიანებასთან, თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. მთავარი კითხვაა: ვინ მიიღებს ამისგან სარგებელს?". - უთხრა Reuters-ს ევროპის თავდაცვის სისტემაში მომუშავე წყარომ.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე არცერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება და შესაძლოა, საბოტაჟს ჰქონდეს ადგილი.

კომენტარები