თავდასხმა Nord Stream-ის გაზსადენებზე

CNN: ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენების გაჟონვის ადგილთან რუსული ფლოტის გემები შენიშნეს

დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლების მიხედვით, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებთან ახლოს, სადაც გაჟონვა მოხდა, რუსული საზღვაო ფლოტის გემები შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

არ არის დადგენილი, ჰქონდათ თუ არა რუსულ გემებს რაიმე კავშირი აფეთქებასთან, თუმცა, ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რასაც გამომძიებლები შეისწავლიან.

დაზვერვის ინფორმაციით, მილსადენებთან ახლოს რუსული წყალქვეშა ნავი წინა კვირასაც შეამჩნიეს. დანიის სამხედრო წარმომადგენლის მიხედვით, რუსული გემები რეგულარულად ოპერირებენ აღნიშნულ წყლებში. 

ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა 28 სექტემბერს მოხდა. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

Reuters-ის ცნობით, გაჟონვა შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმის მიმდებარედ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.

"გუშინ, რუსეთსა და დანიას შორის მდებარე ერთ-ერთ გაზსადენზე, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე გაჟონვა მოხდა. გაზსადენი არ ფუნქციონირებს, მაგრამ დატუმბულია გაზით, რომელიც მიედინება. დღეს კი შესაბამისმა სამსახურებმა, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორი გაჟონვა მოხდა გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 1-ზეც, რომელიც არ ფუნქციონირებს, მაგრამ ასევე დატუმბულია გაზით". - თქვა დანიის ენერგეტიკის მინისტრმა, დენ იორგენსენმა.

შვედეთის საზღვაო სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში გემების გადაადგილება შეზღუდულია.

"ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის ორი მილი დაზიანდა – ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში, მეორე კი დანიის. ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ვაკვირდებით, რომ ამ ადგილს არცერთი გემი არ მიუახლოვდეს". - აღნიშნულია შვედეთის საზღვაო სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, გაზსადენების ქსელზე მომუშავე ექსპერტები და რუსული მხარე საბოტაჟის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ.

"არსებობს იმის ნიშნებიც, რომ საქმე გვაქვს წინასწარ განზრახულ დაზიანებასთან, თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. მთავარი კითხვაა: ვინ მიიღებს ამისგან სარგებელს?". - უთხრა Reuters-ს ევროპის თავდაცვის სისტემაში მომუშავე წყარომ.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე არცერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება და შესაძლოა, საბოტაჟს ჰქონდეს ადგილი.

კომენტარები