თავდასხმა Nord Stream-ის გაზსადენებზე

WSJ: Nord Stream-ის აფეთქებაზე გამომძიებლები იახტაზე მყოფ 6 უცნობ პირზე ფოკუსირდებიან

გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, რომ Nord Stream-ის გაზსადენის აფეთქებასთან დაკავშირებით, გამომძიებლები ფოკუსირდებიან 6 უცნობ პირზე, რომელთაც ნაქირავები ჰქონდათ იახტა. გერმანიის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის აფეთქების ოპერაციის საწყისი წერტილი გერმანიის სანაპირო ქალაქი როსტოკი იყო. 

არსებული ინფორმაციით, 6 სექტემბერს მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც ნაქირავები ჰქონდა მცირე ზომის იახტა, სახელად ანდრომედა, როსტოკის პორტიდან გავიდა. ორი კვირის შემდეგ, ჯგუფმა ნაქირავები ტრანსპორტი დააბრუნა, თავად კი გაუჩინარდნენ.

მცირე ხნის შემდეგ, 26 სექტემბერს მოხდა წყალქვეშა აფეთქებები, რომლებმაც რუსეთიდან გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ჩრდილოეთის ნაკადის 4 მთავარი მილსადენიდან 3 დააზიანა.

შემთხვევის შესწავლა დაიწყო ასობით გამომძიებელმა გერმანიიდან, შვედეთიდან და დანიიდან, ამერიკელი და სხვა დასავლელი მოკავშირეების დახმარებით. შემთხვევის ადგილს იკვლევდნენ წყალქვეშა ნავებით, დაზვერვა საკომუნიკაციო ხაზებს ამოწმებდა, პოლიცია კი მოწმეებს ეძებდა. შემთხვევიდან 6 თვის შემდეგ, აფეთქებების ავტორები, მეთოდები და მოტივები კვლავ უცნობია.

თავდაპირველად დასავლეთში ვარაუდობდნენ, რომ შემთხვევის უკან რუსეთი იდგა, რასაც მოსკოვში უარყოფდნენ. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ მსგავსი სირთულის წყალქვეშა თავდასხმა მხოლოდ ძლიერი სამხედრო სტრუქტურის მქონე სახელმწიფოს შეეძლო.

ახლა გამომძიებლების ყურადღება მიპყრობილია იახტა ანდრომედისკენ და იმ ექვსი პირისკენ, რომლებიც მის ეკიპაჟზე იმყოფებოდა. გერმანელი ოფიციალური პირების თქმით, იმ პირთა შორის, ვინც იახტა იქირავა, ზოგიერთი უკრაინელი იყო. მათივე ცნობით, რამდენიმეს ჰქონდა ბულგარული პასპორტიც, თუმცა შემდეგში დაადგინეს, რომ ეს საბუთები გაყალბებული იყო.

10 მარტს გერმანელ კანონმდებლებს, რომელტაც ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოები აბარიათ, ჩააბარეს ანგარიში ბოლოდროინდელი აღმოჩენების შესახებ. შინაარსი არ გასაჯაროებულა. თუმცა, ერთ-ერთმა კანონმდებელმა, რალფ შტეგნერმა აღნიშნა, რომ ვარაუდი, თითქოს აფეთქება რომელიმე სახელმწიფოს მიერ იყო შეკვეთილი, "როგორც ჩანს ჩამოიშალა". მისივე თქმით, შესაძლოა ეს ჩაიდინა ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც არც ერთი სახელმწიფოს დირექტივებით არ ხელმძღვანელობდა.

იახტისთვის ყურადღების მიპყრობა გამომძიებლებმა დეკემბერში დაიწყეს. როგორც საქმის გამოძიებაში მყოფმა პირებმა WSJ-სთან აღნიშნეს, მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა ნავების გაქირავების ჩანაწერებს გადახედეს, მივიდნენ იახტა ანდრომედამდე.

იახტა ანდრომედა
OLIVER DENZER/REUTERS

გასულ კვირაში გერმანიის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ გამომძიებლებმა იანვრის ბოლოს იახტაზე, რომელიც მათი აზრით კავშირში იყო აფეთქებასთან, ჩხრეკვა ჩაატარეს. გერმანელი მაღალჩინოსნების თქმით, ხომალდზე ასაფეთქებლების კვალი იპოვეს, რამაც ისინი მიიყვანა ვარაუდამდე, რომ იახტა შესაძლოა ასაფეთქებლების ნაწილის გადასატანად მაინც გამოიყენებოდა. იახტის მფლობელი კომპანიის, Mola Yachting GmbH-ის წარმომადგენლის თქმით, ეს იახტა ანდრომედა იყო. წარმომადგენელმა დანარჩენ დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ამ კომპანიის თანამშრომლები ბოროტმოქმედებაში ეჭვმიტანილები არ არიან.

WSJ მაღალჩინოსნების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლების დასკვნით, ანდრომედას დასაქირავებლად თანხა პოლონეთში დარეგისტრირებულმა კომპანიამ გადაიხადა. მათივე თქმით, კომპანიას უკრაინელები აკონტროლებენ.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო საბოტაჟის ჯგუფის 6 წევრიდან რამდენიმე მაინც როსტოკში, ჰოჰე დიუნეს ნავსადგურში ანდრომედაზე ავიდა. აქედან იახტა კუნძულ რიუგენზე მდებარე ვიეკის მუნიციპალიტეტში გადავიდა, იახტაფენ ჰაფენდორფის ნავსაყუდელში, რომელიც ღამე კამერების მიერ ნაკლებად კონტროლდება.

ნავსადგომის ხელმძღვანელის, რენე რედმანის თქმით, მისმა ჯგუფმა ნავი შეამოწმა და ნავსაყუდელის ჩანაწერები გამომძიებლებს გადასცა. მისი თქმით, მის თანამშრომლებს არ დაურეგისტრირებიათ ეკიპაჟის წევრების მოქალაქეობები და აღმოსავლელ ევროპელი ტურისტებისთვის ვიეკში ჩასვლა უცნაური არ იყო.

წყვეტილი ხაზი - იახტის მიმართულება
წითელი წერტილები - ნავსაყუდლები
შავი წრეები - გაზსადენიდან გაჟონვის ადგილები
The Wall Street Journal

WSJ-სთან ერთ-ერთმა გერმანელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ზემოხსენებულ ბრიფინგს დაესწრო, თქვა, რომ გამომძიებლების მიხედვით, სწორედ ვიეკიდან გასვლის წინ, საბოტაჟის მომწყობთა ჯგუფმა იახტა დატვირთა ასაფეთქებლებით, რომლებიც პორტში თეთრი ფურგონით იყო განთავსებული და ამას გარდა, ეკიპაჟზე აიყვანეს დამატებითი მოქმედი პირები.

ვიეკიდან ანდრომედამ დანიის კუნძულ კრისტიანსეზე მდებარე პორტისკენ გაცურა. კრისტიანსეს გამგებლის, სერენ თიიმ ანდერსენის თქმით, დანიის პოლიციამ ნავსადგომიდან ინფორმაცია 16-18 სექტემბერს აქ გაჩერებულ ნავებზე დეკემბერში გამოითხოვა. ანუ აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე. პოლიცია აქ ინფორმაციის შესაგროვებლად და ადგილობრივთა დასაკითხად იანვარში დაბრუნდა.

კუნძული კრისტიანსე

ანდერსენმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის თხოვნით, მან Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც კუნძულის მცხოვრებლებს სთხოვდა 16-18 სექტემბერს პორტში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. სამმა მაცხოვრებელმა მას რამდენიმე ფოტო გაუგზავნა.

გამომძიებლების ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, ექვს ადამიანს ანდრომედას ზომის იახტით, შეეძლოთ თუ არა მსგავსი საბოტაჟის მოწყობა, რასაც დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მასალისა და ყვინთვისთვის საჭირო აღჭურვილობის გადატანა სჭირდებოდა და იყო თუ არა ეს ხომალდი უფრო ფართო ოპერაციის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილი.

WSJ-სთან გერმანიის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ 2022 წლის ივნის-ივლისში, სანამ აფეთქება მოხდებოდა, აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტო (CIA) გერმანიის დაზვერვასა და ევროპის სხვა მსგავს სამსახურებს აფრთხილებდა გაზსადენზე შესაძლო თავდასხმის მომზადების შესახებ. მათივე ცნობით, გაფრთხილება შეიცავდა ინფორმაციას უკრაინის სამი მოქალაქის შესახებ, რომლებიც ბალტიის ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებში, შვედეთის ჩათვლით, გემების დაქირავებას ცდილობდნენ.

როგორც WSJ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ოქტომბერში, აფეთქებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნებმა ბერლინში ვიზიტის დროს ახსენეს, რომ შესაძლოა თავდასხმის უკან უკრაინა მდგარიყო. ახლა ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ აფეთქების უკან შესაძლოა იდგნენ ცალკეული უკრაინელი პირები, ისე, რომ მოვლენებში მონაწილეობა უკრაინის მთავრობას არ მიეღო.

უკრაინელი მაღალჩინოსნები, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ჩათვლით, საბოტაჟში კიევის ჩართულობას უარყოფენ და ამბობენ, რომ ბრალდება რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ შეუძლებელია მსგავსი თავდასხმა უკრაინას ან პროუკრაინულ ჯგუფს მოეწყო და შემთხვევაში აშშ-ს ადანაშაულებს, რასაც ვაშინგტონში უარყოფენ. ამას გარდა, პუტინის მტკიცებით, რუსულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გაზსადენზე შესაძლოა დატოვებული იყოს კიდევ რამდენიმე ასაფეთქებელი, რომელიც არ გააქტიურებულა.

კომენტარები