აფხაზეთში რუსული გენოციდი

ინტერესი II ფრონტის გახსნაა – ყაველაშვილი ენგურის ხიდთან გენოციდზე ფილმის ჩვენებაზე

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ენგურის ხიდთან ფილმის ჩვენება მიზნად "მეორე ფრონტის გახსნას" ისახავს. ის ამერიკის ელჩს მოუწოდებს, გაემიჯნოს აფხაზეთში რუსეთის ჩადენილ გენოციდზე ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის და აფხაზთა კრების კამპანიას, რომელსაც ის "დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს.

"დღეს ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი ფავორიტი პარტია - ევროპული საქართველო, ამ პარტიის კუთვნილი მედიასაშუალება - ტაბულა და ამავე პარტიის კუთვნილი ენჯეო - თავისუფლების ინსტიტუტი მართავენ აქციას ენგურის ხიდთან.

ამ აქციას უკვე გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება და ის შეაფასა "ამერიკის საელჩოს და USAID-ის მიერ სტიმულირებულ პროვოკაციად, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს“.

გაუგებარია, რა მიზანი აქვს დღეს ენგურის ხიდთან აქციის ორგანიზებას, რომელიც საქართველოსთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის და აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას რეალურად იწვევს.

აშკარაა, რომ აქციის ორგანიზატორებს ამ შემთხვევაშიც ამოძრავებთ ერთადერთი ინტერესი - მეორე ფრონტის გახსნა. როდესაც ამ მიზანს საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ მიაღწიეს, ახლა ისინი უკვე ენგურის ხიდიდან აფხაზების პროვოცირებას ცდილობენ.

მოვუწოდებთ ამერიკის საელჩოს, ამჯერად მაინც გაემიჯნოს მისი ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამყარდება ქართულ საზოგადოებაში ისედაც ფართოდ გავრცელებული ვარაუდი, რომ მეორე ფრონტის გახსნის სურვილის უკან, რომელსაც პერიოდულად საჯაროდ ახმოვანებენ საელჩოს ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ქართველი პოლიტიკოსები, ენჯეოების ლიდერები, უცხოელი ლობისტები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სინამდვილეში სწორედ საელჩო დგას.

ჩვენ განვახორციელებთ მეორე ფრონტისკენ მიმართული ქმედებებისა და პროვოკაციების მუდმივ მონიტორინგს, რათა საზოგადოება იყოს ფხიზლად ომის საფრთხის მიმართ და არ დაუშვას საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება" - წერს ყაველაშვილი.

დღეს, 26 სექტემბერს, 21:00 საათზე, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია, სადაც იქნება ნაჩვენები ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება.

ხვალ კი, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად. რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ - https://bit.ly/3QUY9tJ

კომენტარები