აფხაზეთში რუსული გენოციდი

ბობოხიძე ყაველაშვილზე: ოცნება ამბობს, რომ გენოციდზე საუბარი პროვოკაციაა და უნდა დავივიწყოთ

კაკო ბობოხიძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე ენგურის ხიდთან გენოციდზე ფილმის ჩვენებაზე ივანიშვილის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ეხმაურება. ბობოხიძე ამბობს, რომ ე.წ. ოთხეულის საშუალებით მმართველი პარტია საუბრობს და სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავზე აცხადებს, რომ აფხაზეთის საკითხსა და გენოციდზე საუბარი პროვოკაციაა და "თურმე ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ". 

ბობოხიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ ხვალ, 27 სექტემბერს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილ აქციას, რათა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მცდელობა, საქართველოში ოკუპაციას შეეგუონ, ფუჭია.  

"სამწუხაროდ, ქართული ოცნება აგრძელებს ანტიდასავლური და ომის შიშის, პრორუსული პროპაგანდის კულტივირებას. დღეს ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს საელჩო და ევროპული საქართველო რუსეთის გაღიზიანების და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში. თქვენ იცით კარგად, რომ ევროპული საქართველო იმოქმედე გენოციდის აღიარების ფარგლებში ატარებს კამპანიას და დღეს ჩვენ გვაქვს ღონისძიება ზუგდიდში, ენგურის ხიდთან. ქართული ოცნება კიდევ უფრო შორს წავიდა - სოხუმის დაცემიდან 30-ე წლისთავზე გამოგვიცხადა, რომ სოხუმის დაცემაზე ლაპარაკი, აფხაზეთიდან ქართველების გამოყრაზე ლაპარაკი, ეთნიკურ წმენდაზე ლაპარაკი, გენოციდზე ლაპარაკი - თურმე ეს არის პროვოკაცია და ქართველებმა ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. 

ჩვენ ვაგრძელებთ ამ კამპანიის ფარგლებში ღონისძიებებს, ხვალ გვექნება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მსვლელობა 21:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან პარლამენტის შენობამდე და მე ყველა პატრიოტ ქართველს მოვუწოდებ, რომ მიიღონ მონაწილეობა, რათა საქართველოს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ მათი მცდელობა, შეგვაგუონ რუულ ოკუპაციას, მათი მცდელობა, საქართველო რამენაირად იზოლირებული გახადონ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რითაც კიდევ უფრო ზრდიან ხიფათს, რომ საქართველო გახდეს იოლი ლუკმა პუტინისტური ხელისუფლების პირობებში, დავანახოთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, რომ საქართველოს ოკუპაცია გვახსოვს, საქართველო არის ოკუპირებული. ჩვენ ვიქნებით მუდმივად საქართველოს მთლიანობისა და უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერად, ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს მას". - ამბობს აკაკი ბობოხიძე. 

ბობოხიძის შეფასებით, ხელისუფლების მცდელობა, საქართველო ჩამოაშოროს საერთაშორისო პროცესებს და დატოვოს იზოლაციაში, ქართველმა ხალხმა თავისი ურყევი ნების დადასტურებით უნდა გაანეიტრალოს. 

"რეალურად, ამ ოთხეულის პირით გველაპარაკება ქართული ოცნება, ქართული ოცნება ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ე.წ. ოთხეულის განცადებებზე, იმიტომ, რომ პოლიტიკურ ერთობაში არიან მათთან და არასდროს გამიჯვნია, არც აპირებს, გაემიჯნოს ამ ოთხეულის განცხადებებსა და პოლიტიკურ პოზიციებს". - ამბობს ის.  

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ენგურის ხიდთან ფილმის ჩვენება მიზნად "მეორე ფრონტის გახსნას" ისახავს. ის ამერიკის ელჩს მოუწოდებს, გაემიჯნოს აფხაზეთში რუსეთის ჩადენილ გენოციდზე ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის და აფხაზთა კრების კამპანიას, რომელსაც "დაგეგმილ პროვოკაციად" აფასებს. 

დღეს, 26 სექტემბერს, 21:00 საათზე, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია, სადაც იქნება ნაჩვენები ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება.

ასევე, შემოგვიერთდით სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს - 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ - https://bit.ly/3QUY9tJ

კომენტარები