"ცხადია, იყო ეთნიკური წმენდა და გენოციდი, უბრალოდ მაშინ მსოფლიო ყურადღება არ იყო" - ასე პასუხობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ტაბულას კითხვას, მიიჩნევს თუ არა, რომ 1992-93 წელს რუსეთმა აფხაზეთში გენოციდი ჩაიდინა.
"აქ სამიზნე რუსეთია, როგორც პასუხისმგებელი, მათ შორის შუღლის გაღვივებაზე" - ამბობს ხოშტარია.
კითხვაზე, "მიიჩნევთ, რომ გენოციდის აღიარების შესახებ ქვეყნის შიგნით და გარეთ აქტიურობა აუცილებელია, განსაკუთრებით, უკრაინის ომის შემდეგ?", დროას ლიდერი პასუხობს, რომ "კამპანია აუცილებელია, სამომავლოდ სამართლებრივადაც და ზოგადად ისტორიული ცნობიერებისთვის".
ელენე ხოშტარიამ ტაბულასთან ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც შეაფასა. ე.წ ოთხეულის წევრი ამბობს, რომ ენგურის ხიდთან ფილმის ჩვენება მიზნად "მეორე ფრონტის გახსნას" ისახავს. ის ამერიკის ელჩს მოუწოდებს, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის და აფხაზთა კრების კამპანიას, რომელსაც ის "დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს.
ელენე ხოშტარიას თქმით, "ოცნების და მათი დანაყოფების" რეაქცია მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ გენოციდის შესახებ კამპანია აწუხებთ.
"ამ მთავრობის პრორუსულობა სწორედ ამაშია, რომ უკრაინის ომის დროს იმას კი არ ცდილობენ, მსოფლიოს ბუჩასთან ერთად ჭუბერიც გაახსენონ, არამედ პირიქით, უპირისპირდებიან" - თქვა ხოშტარიამ.
დღეს, 26 სექტემბერს, 21:00 საათზე, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია, სადაც იქნება ნაჩვენები ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება.
ხვალ კი, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ - https://bit.ly/3QUY9tJ