ტაივანი

ბაიდენის თქმით, ტაივანის დასაცავად აშშ მზადაა, ძალა გამოიყენოს

Lukas Barth/Pool photo via AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმეორა, რომ ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში ამერიკა მზადაა, ტაივანის დასაცავად ძალა გამოიყენოს. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა იქვე განმარტა, აშშ "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის ერთგული რჩება.

CBS -თან ინტერვიუსას ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს, თავდასხმის შემთხვევაში. პრეზიდენტმა კი უპასუხა: "დიახ". 

"არსებობს ერთი ჩინეთის პოლიტიკა და ტაივანი საკუთარ დამოუკიდებლობას თავად განსაზღვრავს. ჩვენ არ ვითხოვთ ან არ ვახალისებთ მათ დამოუკიდებლობას - ეს მათი გადაწყვეტილებაა". - თქვა ბაიდენმა.

იგივე შემთხვევა მოხდა მაისში, მანამდე ოქტომბერში - ბაიდენმა კითხვაზე, დაიცავდა თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს, თუკი მას თავს ჩინეთი დაესხმებოდა, დადებითი პასუხი გასცა.

აშშ არ ცნობს ტაივანს ცალკე სახელმწიფოდ და არ აქვს დიპლომატიური კავშირები კუნძულთან. თუმცა ისინი ინარჩუნებენ მჭიდრო ურთიერთობებს და ტაივანთან ურთიერთობის აქტის ფარგლებში, აშშ ქვეყანას სამხედრო თავდაცვით საშუალებებს აწვდის.

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს აგვისტოში ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

ტაივანის გარშემო სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კუნძულზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შემდეგ, ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაიწყო.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

"ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები