აშშ-ჩინეთი-ტაივანი

სამხედრო წვრთნების ფარგლებში ჩინეთმა ტაივანის გარშემო 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩინეთმა ტაივანის  ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირებთან 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. აღნიშნული ქმედება ჩინეთის მიერ 4 აგვისტოს ტაივანის კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნების დაწყებას მოჰყვა. 

აღნიშნული წვრთნები ჩინეთმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შედეგად დაიწყო. 

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ გაააქტიურეს თავდაცვითი სისტემები და სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებენ.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასროლილი რაკეტები იაპონიის წყლებშიც ჩამოვარდა და ჩინეთს წვრთნების სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ძლიერ ვგმობთ ამ ქმედებას, რამეთუ ეს წარმოადგენს სერიოზული პრობლემას იაპონიისა და იაპონელი ხალხის უსაფრთხოების". – თქვა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნაბოუ კიშიმ.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მსგავსად მოქმედებაში დაადანაშაულა, როდესაც კიმ ჩენ ინის რეჟიმი ჯიუტად ცდის რაკეტებს სხვა ქვეყნების მახლობლად. 

წვრთნები, რომლებიც ვრცელდება ექვს ადგილმდებარეობაზე, კვირას, 7 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით წვრთნების სივრცე შუაზე ყოფს იმ ტერიტორიული წყლების 19 კილომეტრიან სივრცეს, რომელსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაივანის წარმომადგენლების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგისთვის და ტაივანის ზღვისა და საჰაერო სივრცის ბლოკადის ტოლფასია. 

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს.

ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა: "ვინც ცეცხლს ეთამაშება, მისგან იღუპება".

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიანმაც ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი კომენტარი გაავრცელა.

ნენსი პელოსი ტაივანში ვიზიტს ამ წლის აპრილში გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ გადადო, რაც Covid-19 დაუდასტურდა.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები