ტაივანი

ტაივანის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო თავდაცვის მიზნით "T-გუმბათის" სისტემა შეიქმნება

ტაივანური AT-3-ები ტაივანის ეროვნული დღის აღსანიშნავი ღონისძიების დროს, 10 ოქტომბერი, 2025
REUTERS/Ann Wang

ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინგ ტემ განაცხადა, რომ ტაივანი მტრული საფრთხეების წინააღმდეგ თავის დასაცავად ახალ, მრავალშრიან საჰაერო თავდაცვის სისტემას, სახელად "T-გუმბათს", შექმნის და თავდაცვის ხარჯს გაზრდის. ამასთან, მან ჩინეთს მოუწოდა, უარი თქვას ტაივანის ასაღებად ძალის გამოყენებაზე. 

ტაივანის ეროვნულ დღეს სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტაივანი თავდაცვაზე მეტის დახარჯვას ისახავს მიზნად და წლის ბოლომდე სამხედრო ხარჯისთვის სპეციალურ ბიუჯეტს წარადგენს.

"თავდაცვის ხარჯის ზრდას თავისი დანიშნულება აქვს; ეს წარმოადგენს მკაფიო საჭიროებას მტრულ საფრთხეებთან გასამკლავებლად და მამოძრავებელი ძალაა ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის გასავითარებლად," თქვა ლაი ჩინგ ტემ. 

"T-გუმბათის შექმნას დავაჩქარებთ, დავამკვიდრებთ საგულდაგულო საჰაერო თავდაცვის სისტემას ტაივანში, მრავალშრიანი თავდაცვით, მაღალი დონის აღმოჩენის შესაძლებლობებითა და ეფექტური განეიტრალების უნარით, და ტაივანისთვის უსაფრთხოების ბადეს მოვქსოვთ, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და საკუთრება," დაამატა მან. 

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ "T-გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემა ისრაელის "რკინის გუმბათის" მსგავსი იქნება. 

პრეზიდენტის სამსახურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ "T-გუმბათისთვის" გათვალისწინებული ხარჯები წლის ბოლოსთვის წარდგენილ საბიუჯეტო კანონპროექტში იქნება შეტანილი. 

მანამდე, 22 აგვისტოს, ლაი ჩინგ ტემ განაცხადა, რომ 2030 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 5%-მდე გაზრდას იმედოვნებს, რაც სამიზნე მაჩვენებლის ზრდას წარმოადგენს იმ ფონზე, როცა ჩინეთის საფრთხისგან თავდასაცავად აშშ-მ ტაივანს ამ მხრივ უფრო მეტი ძალისხმევის ჩადება მოსთხოვა. 

21 აგვისტოს, ტაივანის მთავრობა გამოვიდა წინადადებით, რომ სამხედრო ბიუჯეტი 2026 წლისთვის 949.5 მილიარდი იყოს ახალ ტაივანურ დოლარში ($31.1 მილიარდი), რაც პირველად მოიცავს ხარჯებს სანაპირო დაცვისთვისა და ვეტერანთა პენსიებისთვის. Bloomberg-ის მიხედვით, ახალი საბიუჯეტო ინიციატივა წინა წლის გეგმაზე თითქმის 23%-ით მეტია. 

ტაივანის მთავრობის კაბინეტმა განაცხადა, რომ ახალი გეგმით თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 3.32%-მდე გაიზრდება, რაც აღემატება თებერვალში პრეზიდენტ ლაი ჩინგ ტეს მიერ გამოცხადებულ 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს. 

თუმცა, Bloomberg წერს, რომ დიდი ალბათობით, საბოლოო რაოდენობა, რასაც ტაივანი 2026 წელს სამხედრო ბიუჯეტისთვის გამოყოფს, განსხვავებული იქნება, რადგან გეგმას საკანონმდებლო ორგანოს გავლა მოუწევს, სადაც მცირე უმრავლესობა ოპოზიციას უკავია. 

კომენტარები