ტაივანი

ბაიდენის თქმით, ტაივანის დასაცავად მზადაა, ძალა გამოიყენოს

REUTERS/Kim Kyung-Hoon

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის მზადაა, ტაივანის დასაცავად ძალა გამოიყენოს. თუმცა, ასევე განმარტა, რომ ეს პასუხი არ წარმოადგენს კუნძულზე აშშ-ს პოლიტიკის ცვლილებას. 

როცა ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს, თავდასხმის შემთხვევაში. პრეზიდენტმა უპასუხა: "დიახ".

ტაივანზე ბაიდენმა ტოკიოში ვიზიტისას ისაუბრა. მისი პასუხი აღქმული იყო, როგორც ვაშინგტონის ტაივანის მიმართ აქამდე არსებული პოლიტიკიდან გადახვევად. თუმცა, პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის ერთგული რჩება. 

"ვეთანხმებით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. მოვაწერეთ ხელი და დავდეთ შეთანხმება. თუმცა, ფაქტი, რომ ის ძალით აიღონ, უბრალოდ, წარმოუდგენელია". - აღნიშნა ბაიდენმა.

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

იგივე შემთხვევა მოხდა ოქტომბერში, როცა ბაიდენმა კითხვაზე, დაიცავდა თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს, თუკი მას თავს ჩინეთი დაესხმებოდა, დადებითი პასუხი გასცა.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

კომენტარები