აშშ-ჩინეთი

ჩინეთის მუქარის მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანის დედაქალაქში, ტაიპეიში პეკინის გაფრთხილებებისა და მუქარის მიუხედავად ჩავიდა.

თვითმფრინავი, რომელსაც პელოსი გადაჰყავდა, ტაიპეიში მშვიდობიანად დაეშვა.

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს.

აქამდე, ჩინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები ტაივანის სრუტეს კვეთდნენ.

აქამდე  აშშ-ს თეთრ სახლში ამბობდნენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა ძალის დემონსტრირებას მიმართოს, თუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა.

ეს შეიძლება მოიცავდეს ტაივანის მახლობლად რაკეტების გაშვებას ან ფართომასშტაბურ საჰაერო ან საზღვაო აქტივობას, თქვა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა: "ვინც ცეცხლს ეთამაშება, მისგან იღუპება".

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიანმაც ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი კომენტარი გაავრცელა.

ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული პირების ცნობით, ნენსი პელოსი შესაძლოა ტაივანსაც ეწვიოს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საკუთარ მოგზაურობის გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მიზეზად უსაფრთხოების საკითხები დაასახელა, თუმცა მან თქვა, რომ "ტაივანისთვის მხარდაჭერის ჩვენება მნიშვნელოვანია".

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში ჟურნალისტებთან თქვა, აშშ-ს სამხედრო წრეში ფიქრობენ, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი "ამჟამად კარგი იდეა არაა". მომდევნო დღეებში ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შორის შესაძლოა საუბარი გაიმართოს.

Financial Times-ი საქმის კურსში მყოფ 6 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთმა აშშ პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვეულებრივზე უფრო მკაცრად გააფრთხილა. აქამდე ჩინეთმა შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით უკმაყოფილება საჯაროდაც გამოხატა და "მძიმე ზომებითაც" იმუქრებოდა, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ეს უფრო მსუბუქი ფორმა იყო. რამდენიმე წყარო ამბობდა, რომ არასაჯარო რიტორიკა შესაძლო სამხედრო პასუხამდეც კი მიდიოდა.

ნენსი პელოსი ტაივანში ვიზიტს ამ წლის აპრილში გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ გადადო, რაც Covid-19 დაუდასტურდა.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები