ტაივანი

ტაივანის პრეზიდენტს სურს, 2030 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 5%-მდე გაიზარდოს

ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინგ ტემ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ 2030 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 5%-მდე გაზრდას იმედოვნებს, რაც სამიზნე მაჩვენებლის ზრდას წარმოადგენს იმ ფონზე, როცა ჩინეთის საფრთხისგან თავდასაცავად აშშ-მ ტაივანს ამ მხრივ უფრო მეტი ძალისხმევის ჩადება მოსთხოვა. 

ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ვიზიტის დროს ტაივანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ჩინეთის მხრიდან საფრთხე გაიზარდა და დაამატა, რომ 2030 წლამდე, NATO-ს სტანდარტის თანახმად, თავდაცვის ხარჯის მშპ-ს 5%-მდე გაზრდას იმედოვნებს. 

"ეს აჩვენებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მიზანდასახულობას, გარანტირებული იყოს ეროვნული უსაფრთხოება და დავიცვათ დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებები, ეს ასევე აჩვენებს ჩვენს მზადყოფნას, მხარდამხარ ვიდგეთ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით, რათა ერთობლივად წარმოვქმნათ შემაკავებელი ძალა და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში." - განაცხადა ლაი ჩინგ ტემ.

მანამდე, 21 აგვისტოს, ტაივანის მთავრობა გამოვიდა წინადადებით, რომ სამხედრო ბიუჯეტი 2026 წლისთვის 949.5 მილიარდი იყოს ახალ ტაივანურ დოლარში ($31.1 მილიარდი), რაც პირველად მოიცავს ხარჯებს სანაპირო დაცვისთვისა და ვეტერანთა პენსიებისთვის. Bloomberg-ის მიხედვით, ახალი საბიუჯეტო ინიციატივა წინა წლის გეგმაზე თითქმის 23%-ით მეტია. 

ტაივანის მთავრობის კაბინეტმა განაცხადა, რომ ახალი გეგმით თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 3.32%-მდე გაიზრდება, რაც აღემატება თებერვალში პრეზიდენტ ლაი ჩინგ ტეს მიერ გამოცხადებულ 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს. 

თუმცა, Bloomberg წერს, რომ დიდი ალბათობით, საბოლოო რაოდენობა, რასაც ტაივანი 2026 წელს სამხედრო ბიუჯეტისთვის გამოყოფს, განსხვავებული იქნება, რადგან გეგმას საკანონმდებლო ორგანოს გავლა მოუწევს, სადაც მცირე უმრავლესობა ოპოზიციას უკავია. 

კომენტარები