26 ნოემბერს ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე ტეიპეი საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტის $40 მილიარდით გაზრდას აპირებს.
Reuters აღნიშნავს, რომ ეს აშშ-ს მხრიდან ევროპასა თუ ინდო-წყნარ ოკეანეში მყოფი მოკავშირეების მიმართ თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდის მოწოდების ფონზე ხდება.
$39.89 მილიარდის მოცულობის პაკეტის წარდგენისას ლაიმ თქვა, რომ ისტორიას კვლავ და კვლავ ამტკიცებს, რომ "აგრესიის წინაშე კომპრომისის ძიება მხოლოდ მონობა მოაქვს".
"ეროვნული უსაფრთხოების საკითხში კომპრომისისთვის ადგილი არ არსებობს" - განაცხადა მან პრეზიდენტის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტაივანის თავდაცვის მინისტრმა, უელინგტონ კუმ თქვა, რომ ბიუჯეტი, რომელიც 2026-2033 წლებში იმოქმედებს, განკუთვნილი იქნება ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა რაკეტები, დრონები და ახალი T-Dome-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ტაიპეიში აშშ-ს დე ფაქტო ელჩმა, რეიმონდ გრინმა, Facebook-ზე დაწერა, რომ აშშ ტაივანის მხრიდან "ასიმეტრიული შესაძლებლობების სწრაფ შეძენას" მხარს უჭერს.
"დღევანდელი განცხადება ტაივანის სრუტეში შეკავების განმტკიცებით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია" - დაამატა გრინმა.
აღნიშნული გეგმებით 2026 წლისთვის ტაივანის თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯები ქვეყნის მშპ-ს 3.32%-ს მიაღწევს.
მანამდე, ლაიმ აგვისტოში განაცხადა, რომ 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯების გაზრდას მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე იმედოვნებს.
ლაის მიერ წარდგენილი გეგმა ტაივანის ოპოზიციით დომინირებული პარლამენტის დამტკიცებას საჭიროებს.
ტაივანის უდიდეს ოპოზიციურ პარტია კუომინტანგის თავმჯდომარემ, ჩენგ ლი-ვუნმა ადრე უარი თქვა თავდაცვის ხარჯების ზრდაზე. ლაის განცხადების შემდეგ კი, მან პირდაპირ არ განაცხადა, რომ პარტია ბიუჯეტის ზრდის წინააღმდეგ მისცემდა ხმას, თუმცა ლაის მოუწოდა ჩინეთთან დაპირისპირების "საშიშ ზღვარს მოშორებულიყო".
ამასთან, პეკინში გამართულ ბრიფინგზე, ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისის სპიკერმა განაცხადა, რომ ტაივანს საშინაო გადაწვეყილებებს "გარე ძალები" ჰკარნახობდნენ და აღნიშნული ნაბიჯი ტაიპეის მძიმე "განსაცდელში" ჩააგდებდა.





