ტაივანი

ტაივანი: 17-მა ჩინურმა თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი გადმოკვეთა

 REUTERS/Dado Ruvic/Illustration

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩვიდმეტმა ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი, რომელიც ჩვეულებრივ არაოფიციალური საზღვარია ორ მხარეს შორის. 

მანამდე, 31 აგვისტოსს ტაივანის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თუ ჩინეთის შეიარაღებული ძალები მათ ტერიტორიაზე შევა, თავდაცვის უფლებას გამოიყენებენ და კონტრიერიშს მიიტანენ. თავდაცვის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ იგივე უფლებას გამოიყენებენ ჩინური დრონების წინააღმდეგაც, რომლებიც კუნძულის გარშემო ჯგუფურად დაფრინავენ.

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა სამხედროებს ბრძანება მისცა, რომ ჩინეთის პროვოკაციის წინააღმდეგ "მკაცრი ზომები" მიეღოთ, ტაივანის ძალებმა ჩინეთის დრონს, რომელიც კუნძულთან დაფრინავდა, გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.

ტაივანის გარშემო სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კუნძულზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შემდეგ, ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაიწყო.

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები