ტაივანი

ტაივანი პირობას დებს, რომ თუ ჩინეთი მათ ტერიტორიაზე შევა, კონტრიერიშს მიიტანენ

ტაივანელი სამხედროები
AP/Chiang Ying-ying

31 აგვისტოს ტაივანში განაცხადეს, რომ თუ ჩინეთის შეიარაღებული ძალები მათ ტერიტორიაზე შევა, თავდაცვის უფლებას გამოიყენებენ და კონტრიერიშს მიიტანენ.

ტაივანის თავდაცვის წარმომადგენლების თქმით, ჩინეთის სამხედრო პატრულირების მაღალი ინტენსივობა კუნძულის გარშემო გრძელდება.

"თვითმფრინავები და გემები, რომლებიც ჩვენს ზღვასა და ტერიტორიაზე 12 საზღვაო მილის მანძილზე შემოვლენ, ეროვნული არმია თავდაცვის უფლებას გამოიყენებს და გამონაკლისის გარეშე მიიტანს კონტრიერიშს". – თქვა ლინ ვენ-ჰუანგმა, ოპერაციებისა და დაგეგმვის გენერალური შტაფბის უფროსის მოადგილემ.

ასევე, მან დაამატა, რომ იგივე უფლებას გამოიყენებენ ჩინური დრონების წინააღმდეგაც, რომლებიც კუნძულის გარშემო ჯგუფურად დაფრინავენ.

აქამდე, მას შემდეგ, რაც ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა სამხედროებს ბრძანება მისცა, რომ ჩინეთის პროვოკაციის წინააღმდეგ "მკაცრი ზომები" მიეღოთ, ტაივანის ძალებმა ჩინეთის დრონს, რომელიც კუნძულთან დაფრინავდა, გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.

ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ტაივანსა და ჩინეთს შორის დაძაბულობა გაიზარდა. 

ტაივანის თავდაცვის წარმომადგენლის თქმით, სროლის შემდეგ, დრონები უკან, ჩინეთისკენ გაბრუნდნენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარი შეაფასა, როგორც "არაფერი ისეთი, რაზეც აჟიოტაჟი ღირს". 

ტაივანის გარშემო სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კუნძულზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შემდეგ, ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაიწყო.

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები