დუგინის შვილის აფეთქება

პაპმა დარია დუგინას "ომის უდანაშაულო მსხვერპლი" უწოდა, უკრაინულმა მხარემ ნუნციუსი დაიბარა

რომის პაპი ფრანცისკე
Wallpaper Cave

"ომის უდანაშაულო მსხვერპლი". - ასე გამოეხმაურა პაპი ფრანცისკე ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობას. პაპის კომენტარის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში წმინდა საყდრის ნუნციუსი დაიბარეს.

"ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ პაპის მიერ ნათქვამი სრული ციტატა და პირველ რიგში გადავწყვიტეთ, დაგვებარებინა  წმინდა საყდრის ნუნციუსი, რათა გამოგვეხატა უკრაინის სახელით იმედგაცრუება ამ სიტყვების გამო". - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

კულებას ცნობით, შეხვედრა უკვე შედგა და დეტალები მალე გასაჯაროვდება. მისივე თქმით, სამინისტროში ნუნციუსის დაბარება უპრეცედენტო შემთხვევაა.

"გულწრფელად ვიტყვი, რომ უკრაინელებს გული დასწყვიტა პაპის სიტყვებმა". - ამბობს დმიტრო კულება.

20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და რუსეთში აკრძალული პლატფორმის, Утро Февраля-ს ცნობით, დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. Утро Февраля-ს დამფუძნებლის, პოლიტიკოს ილია პონომარიოვის ცნობით, დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც. 

ილია პონომარიოვმა ეთერში წაიკითხა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტიც, რომელიც Утро Февраля-ს ტელეგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. მანიფესტში დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრება.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს და მათი თქმით, მანქანის აფეთქება დაგეგმილი იყო უკრაინული სპეცსამსახურების მიერ, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი იყო, რომელიც რუსეთში თითქოსდა 23 ივლისს ჩავიდა და სახლს დუგინას კორპუსში ქირაობდა. 

ФСБ-ს ვერსიის შემდეგ, ილია პონომარიოვი კვლავ ამბობდა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთში მოქმედი პარტიზანული ჯგუფი, ეროვნული რესპუბლიკური არმიაა.

უკრაინული მხარე დუგინას აფეთქებაში საკუთარ მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ დარია დუგინას მკვლელობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მიერ არის ჩადენილი.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.

კომენტარები