დუგინის შვილის აფეთქება

ლავროვი დუგინაზე: ორგანიზატორები და მკვლელობის შემკვეთები შენდობას ვერ მიიღებენ

Natalia Kolesnikova/AFP/Getty Images

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილ დარია დუგინას მკვლელობის ორგანიზატორები და შემკვეთები შენდობას ვერ მიიღებენ.

"მჯერა, რომ ეს ბარბაროსული დანაშაულია. მათ, ვინც ეს მოაწყო, არ უნდა ეპატიოთ. როგორც გავიგე, ФСБ-მ უკვე დაადგინა ფაქტები, რომელთა გამოძიებაც მიმდინარეობს. იმედი მაქვს, გამოძიება მალე დასრულდება და ამ გამოძიების შედეგად, რა თქმა უნდა, ორგანიზატორები და მკვლელობის შემკვეთები შენდობას ვერ მიიღებენ". – თქვა ლავროვმა.

20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

21 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომარიოვმა თქვა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსულმა პარტიზანულმა ჯგუფმა, ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ (НРА) აიღო. მსგავსი ჯგუფის შესახებ აქამდე არანაირი საჯარო ინფორმაცია არ იძებნება. ყოფილმა დეპუტატმა გამოაქვეყნა ჯგუფის მანიფესტიც.

22 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) გამოაცხადა, რომ დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს და მათი მტკიცებით, მანქანის აფეთქება დაგეგმილი იყო უკრაინული სპეცსამსახურების მიერ, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი იყო, რომელიც რუსეთში თითქოსდა 23 ივლისს ჩავიდა და სახლს დუგინას კორპუსში ქირაობდა.

დარია დუგინას მანქანის აფეთქებას უკრაინას აბრალებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინიც. იგივე ბრალდება გააჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამაც. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დუგინა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში მუშაობდა.

კომენტარები